„ოცნება“ სამშენებლო სექტორს წესებს უმკაცრებს — ვინ აგებს პასუხს ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე
გაჭიანურებული მშენებლობები, აუშენებელი სკოლები, დაუსრულებელი ცენტრალური მაგისტრალები და წლების განმავლობაში გაწელილი ინფრასტრუქტურული პროექტები — ვინ აგებს პასუხს ჩავარდნილ სამუშაოებზე? ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ პრობლემები არსებობდა, თუმცა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე პირდაპირ საუბარს თავს არიდებს. მთავრობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დაანონსებული ცვლილებები კი ოპონენტების შეფასებით, იმის ირიბი აღიარებაა, რომ წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სერიოზული ხარვეზები დაგროვდა.
ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილება, ოპონენტების შეფასებით, წარსულში დაშვებულ შეცდომებზეც მიუთითებს. საუბარია პროექტებზე, რომელთა ნაწილი შესაძლოა შეწყდეს, კომპანიებს კი ხელშეკრულებები შეუწყდეთ და სამუშაოების თავიდან დაწყება გახდეს საჭირო.
ახლა "ოცნების" ხელისუფლების გეგმა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეცვლაა. ახალი წესებით, კომპანიები, რომლებიც ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ, ვეღარ შეძლებენ ბაზარზე დაბრუნებას სახელის შეცვლით ან სხვა სქემების გამოყენებით. ცვლილებები ასევე შეეხება არარეალურად დაბალ ფასად წარდგენილ შეთავაზებებს.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ეს პრობლემები აქამდეც უნდა სცოდნოდა. მოქმედი სისტემით, კომპანიები, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, მხოლოდ დროებით ხვდებოდნენ შეზღუდვებში, მოგვიანებით კი ისევ ბრუნდებოდნენ სახელმწიფო შესყიდვებში — ზოგჯერ იგივე სახელით, ზოგჯერ კი ახალი იურიდიული ფორმით.
ინფრასტრუქტურის მინისტრი თავადაც აღიარებს, რომ გაჭიანურებული პროექტები პრობლემად იქცა, თუმცა კითხვაზე — იყო თუ არა ამის მიზეზი კორუფცია თუ უბრალოდ არაეფექტიანი მართვა, კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.