საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა
საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ კი ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
კიშინიოვში, სწორედ ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდა გუშინ მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას გაემიჯნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გადაწყვეტილებას დამატებით რისკებითა და საქართველოსთვის საფრთხეების შექმნით ხსნის.
საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და საფუძველს, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები - ამბობს ბოჭორიშვილი.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია. საქართველო არის სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველო მხარს უჭერს იმ საერთაშორისო ნორმებს და შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვიქნებით ჩვენი ამ პოზიციის.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას: საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და საფუძველს, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების წინაშე დააყენოს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრებმა შეხვედრაზე მიიღეს რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესახებ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების დამყარების შესახებ, რაც წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს ტრიბუნალის პრაქტიკული განხორციელებისკენ, რომელსაც დაევალა იმ პირთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და გასამართლება, რომლებსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოაცხადეს, რომ აპირებენ შეთანხმებაში გაწევრიანებას, ასევე განსაზღვრავენ სპეციალური ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების წესებს.
ტრიბუნალი გამოიძიებს, სისხლის სამართლებრივ დევნას განახორციელებს და გაასამართლებს მათ, ვინც პირველ რიგშია პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე. მისი მიზანია შეავსოს ხარვეზი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციაში და პასუხისგებაში მისცეს ამ დანაშაულში ჩართული მაღალჩინოსნები.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა და ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე.
„ევროპისა და მსოფლიოს მორალური საფუძველი მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაული დაისჯება. ეს არ არის წარსულის საკითხი. ეს მომავლის საკითხია — სიმართლის, სამართლიანობისა და ნდობის საერთო სივრცის აღდგენის საკითხი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ.