"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ 26 მაისის ღონისძიების დაგეგმვა წინასწარ ვერ მოხდებოდა

16.05.26 15:28
"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ 26 მაისის ღონისძიების დაგეგმვა წინასწარ ვერ მოხდებოდა

"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ 26 მაისის ღონისძიების დაგეგმვა წინასწარ ვერ მოხდებოდა - ასეთი გამართლება მოუძებნეს ივანიშვილის პარტიაში სარეზერვო ფონდიდიან 8 მილიონის გახარჯვას. 

26 მაისის ღონისძიების გარკვეულ ნაწილს აორგანიზებს კონკრეტული სამინისტროები და ამ სამინისტროებმა იხელმძღვანელეს მათ შორის ბაზრის კვლევით და წინასწარ იყო დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები, მაგრამ ისევე როგორც ყველა ღონისძიება, მათ შორის ესეთი გრანდიოზული ღონისძიებაც, როგორიც არის 26 მაისი, უშუალოდ ღონისძიების წინ წყდება ხოლმე, კონკრეტულად რა აქტივობები უნდა დაიგეგმოს. აქედან გამომდინარე არის განპირობებული სწორედ ის, რომ კონკრეტულად რამდენიმე დღის ადრე ხდება კონკრეტული ღონისძიების დაგეგმვა. ეს აპრობირებული მეთოდია, ყველა 26 მაისი ასე ჩატარდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა იძულებული ხდება, რომ წინა დღეებში გამოაცხადოს გამარტიებული შესყიდვა", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.  

"ოცნების" დეპუტატები პრობლემას ვერ ხედავენ, თუ იმაზე მეტი იხარჯება 26 მაისის ღონისძიებაში, ვიდრე შეიძლება თვეებით ადრე ორგანიზების შემთხვევაში დახარჯულიყო.

როგორც სწორია ყველაფერს ისე აკეთებს ხელისუფლება - უთხრა დღეს მედიას ირაკლი ჭეიშვილმა. 

როგორც სწორი არის, ისე აკეთებს ხელისუფლება. რავიცი ახლა, ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩათვალა სწორად მთავრობის ადმინისტრაციამ, ვინც არის ორგანიზატორი, აკეთებს ისე.  რა თანხები და რა ხარჯები დაჯდება, შესაბამისად, ის მოხმარდება ამ კონკრეტულ ღონისძიებას, ასე კეთდება დღეს და ასე კეთდებოდა გუშინ და იმის წინ. სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, თუ წინასწარ დაგეგმილი პროცესია, მე ამ დეტალებში არ ვარ ამ წუთას გარკვეული", - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რვა მილიონი დაუჯდება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება დიდ თანხას სარეზერვო ფონდიდან ხარჯავს.  

8 081 647 ლარი მიმართულია თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზებაზე. მათ შორის, თბილისში, 9 აპრილის სახელობის ბაღსა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცეები. ასევე გაიმართება გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მუსიკოსები. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გარდა ამისა, 17:10 საათზე - იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა გაიმართება პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 

კორუფციის მკვლევარებისთვის ამოუხსნელია, რაში დასჭირდა ივანიშვილის პარტიას თანხის გამოყოფა ფონდიდან, რომელიც წესით გადაუდებელ საჭიროებებს ხმარდება. 

 

მსგავსი სიახლეები