ვინ ატყუებს ემიგრანტებს - ხალხი შველას ითხოვს
ემიგრაციიდან დაბრუნებული 55 წლის ქალი ამბობს, რომ შანტაჟის მსხვერპლია. ეკა ჭოჭუა ყვება, რომ დამსაქმებელი მას ღირსების შემლახავი პოსტების გამოქვეყნებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ წინასწარ ჩარიცხული ფულის დაბრუნება მოსთხოვა. ქალს, რომელიც უკიდურესიგაჭირვების გამო გერმანიაში სამუშაოდ წავიდა, "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ მას საბუთების დამზადებას დაპირდნენ და უთხრეს, რომ ლეგალურად მუშაობის უფლება ექნებოდა თუმცა მოატყუეს.
დამსაქმებელი, რომლის აუდიო-ჩანაწერები 55 წლის ემიგრანტის ტელეფონში ინახება, მისი თქმით, ლილი მოფინაძეა - ხობის რაიონული სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი. ჭოჭუას მონაყოლის მიხედვით, მოფინაძემ მას აუხსნა, რომ ID ბარათის დამზადების შემდეგ მას გერმანიაში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებოდა. 400 ევრო მისი შვილის, ქობულეთის მკვიდრის მამუკა შიშმანიძის სახელზე გადაარიცხინა და დაპირდა, რომ ამ დოკუმენტის დამზადების შემდეგ მას გერმანიაში სამსახურსაც უპრობლემოდ მოუძებნიდა. ლილი მოფინაძემ "შაბათის ეთერს" ტელეფონზე არ უპასუხა. მისი შვილი კი ვისთანაც ფულადი გადარიცხვები ხორციელდება, ადასტურებს, რომ დედას მხოლოდ ქართული საბანკო ანგარიშები აქვს, რომელსაც ის მართავს.
მარი ემიგრანტია, ის წლების განმავლობაში, კანადაში წასვლის გზებს ეძებდა. სწორედ ასე შეხვდა ვინმე "გრიშკას", რომელიც საქართველოდან გადამყვანად გაეცნო. მარი ამბობს, რომ კანადაში წასვლის იმედით ესპანეთში ჩაიყვანეს, ფული გადაახდევინეს, ალოდინეს და ბოლოს უარი უთხრეს. 43 წლის მარი თბილისიდან, ახლა საბერძნეთშია. ის ათენში 7 სამსახურში დილის 6 ის ნახევრიდან ღამის 11 საათამდე მუშაობს, რომ საზღვარგარეთ წასვლისთვის აღებული ვალი ჯამში 6500 დოლარი გადაიხადოს.
"შაბათის ეთერმა" გრიშკა, იგივე თამაზ ქართველიშვილი იპოვა, გრიშკა ამბობს, რომ ის მოქალაქეებს ვიზების დამზადებაში ეხმარება. ადასტურებს, რომ ქალბატონებს ნამდვილად დაპირდა კანადაში გასამგზავრებელი დოკუმენტების დამზადებას, თუმცა "არ გამოვიდა".
კიდევ ერთი დაზარალებული 22 წლის ბიჭია, ვინც ამერიკული ოცნების ასახდენად ათიათასობით დოლარი დახარჯა, ამერიკის საზღვრამდე 5 ქვეყნის გავლით გრიშკამ მიიყვანა. ციხეში მისთვის გიორგი ხატიაშვილს უნდა ეპატრონა, თუმცა ოჯახის თქმით, მან ფული აიღო რომ ბიჭი ბედის ანაბარა მიატოვა.
გიორგი ხატიაშვილი ახლა ტაილანდშია და მისი ვიდეო მიმართვებით თუ ვიმსჯელებთ ის ემიგრაციაში მყოფ ხალხს კვლავინდებურად იურიდიულ მომსახურეობას უწევს. მან შაბათის ეთერს უთხრა, რომ არავისთვის მიუცია გარანტია რომ "სასამართლოს მოიგებდა".
ეს ყველაფერი არ არის, კიდევ უფრო მძიმე ისტორიებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ჰყვებიან. "თაღლითია - არ ენდოთ!"- ამ სახელწოდებით სოციალური ქსელში ემიგრანტების სხვადასხვა ჯგუფში არაერთი პოსტი იდება. კაცს კი რომელსაც ასობით ადამიანი თაღლითობაში ადანაშაულებს მანუჩარ კონცელიძეა.
ემიგრანტების თქმით, მანუჩარ კონცელიძე მათ დამსაქმებლად ეცნობა. ემიგრანტებს ის სხვადასხვა ქარხნებისა და საწარმოების ლოკაციებს უზიარებს, ეუბნება რომ კონკრეტული ვაკანსია სამუშაოს მაძიებელი ემიგრანტებისთვის უკვე მზად აქვს. ემიგრანტების თქმით, კონცელიძისათვის მის პირად ანგარიშზე ასობით ევრო აქვთ ჩარიცხული,თუმცა არ დაასაქმეს. ვერ ჩივიან რადგან დიდი ნაწილი გერმანიაში არალეგალი ემიგრანტია. "შაბათის ეთერმა" დაადგინა რომ კონცელიძეს არამარტო ემიგრანტები ეძებენ, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებიც უჩივიან, ცოლზე ძალადობის მუხლით მის წინააღმდეგ საქმე საქართველოში უკვე აღძრულია. მისი შვილები და ყოფილი მეუღლე კი გერმანიაში თავშესაფარში არიან.