რა რეალობით ხვდება ქვეყანა ოჯახის სიწმინდის დღეს - რას ამბობს ხალხი
არის თუ არა წელიწადში ერთხელ, 17 მაისს ქუჩაში გამოსვლა საკმარისი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლებია იძულებითი ემიგრაციის ტკივილით ცხოვრობენ? ოჯახის სიწმინდის დღეს საქართველო კვლავ გაყოფილი ოჯახების რეალობის ფონზე ხვდება — ათასობით ოჯახი დღესაც დაშორებულია, ემიგრაციაში წასული მშობლები კი შვილებსა და შვილიშვილებს ხშირად მხოლოდ ვიდეოზარებით ხედავენ.
ოჯახის სიწმინდის დღეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ღიად საუბრობენ იმ მძიმე სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ოჯახებს ყოველდღიურად აწუხებთ. მათი თქმით, ემიგრაცია კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება. სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო წლებში ქვეყნიდან ასიათასობით ადამიანი წავიდა, რასაც ოჯახების დაშლა და მძიმე სოციალური შედეგები მოჰყვა.
მოქალაქეების შეფასებით, მძიმე ეკონომიკური ფონი და ცხოვრების პირობები ბევრ ადამიანს კვლავ ქვეყნის დატოვებაზე აფიქრებინებს. მათი თქმით, ემიგრაცია ბევრისთვის არჩევანი კი არა, აუცილებლობაა.
ამ ფონზე, თავად "ოცნების" ხელისუფლებაც არ უარყოფს, რომ ემიგრაცია ქართული ოჯახებისთვის მძიმე ტვირთად იქცა. "ოცნების" წარმომადგენლები გამოსავლად ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას ასახელებენ.
ოჯახების სარჩენად უცხოეთში წასული ადამიანები ხშირად დაბრუნებას ვერ ახერხებენ — მიზეზი კი მარტივია: მათ იციან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ოჯახები იმ შემოსავლის გარეშე დარჩებიან, რომელსაც ემიგრაციაში მუშაობით აგროვებენ და ახლობლებს უგზავნიან.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.