გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა - ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა

19.05.26 14:25
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა - ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორთან ახლოს), ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. 

"ფერმაში განთავსებულია 1 000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, 2 ცხენი და 6 ძაღლი.

მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

მოკვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული ცხოველები არ იყვნენ ვაქცინირებული ცოფის საწინააღმდეგოდ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით დაწესდეს 6-თვიანი ზედამხედველობა.

დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა" - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები