პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის ოთხეულშია
ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. მონაცემები 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობას ასახავს და აჩვენებს, რომ ქვეყანაში 8 592 პატიმარი იყო, რაც 100 000 მოსახლეზე 232 პატიმარს შეადგენს.
ანგარიშის თანახმად, 100 000 მოსახლეზე პატიმრების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება: თურქეთი — 458 პატიმარი, აზერბაიჯანი — 271, მოლდოვა — 245, საქართველო — 232 და უნგრეთი — 206. ამასთან, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პატიმრების რაოდენობით ლიდერ სამეულში აღარ შედის.
მიუხედავად მაღალი მაჩვენებლისა, საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც პატიმრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, კლება დაფიქსირდა უკრაინაში (-18%), სლოვაკეთში (-16%), საქართველოში (-11%), ესტონეთში (-9.8%) და პოლონეთში (-6%). ევროპის საბჭოს შეფასებით, ევროპის ციხეების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ გადატვირთულობა რჩება, თუმცა საქართველო ციხეების დაბალი სიმჭიდროვის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშში ასახული მონაცემები სრულ სურათს აღარ ასახავს. მათი შეფასებით, 2025 წლის იანვრის შემდეგ პატიმართა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და რიგ დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემა გამწვავდა.
ის მონაცემები, რომელიც გაანალიზებულია, ასახავს 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობიტ არსებულ სიტუაციას. ამის შემდგომ საქართველოში 35%-ით არის გაზრდილი პატიმრების რაოდენობა. სამ ციხეში იმაზე მეტი პატიმარი ზის, ვიდრე ეს ლიმიტებით არის დადგენილი. ქსნის N 15 დაწესებულება - 50% პატიმრით უფრო მეტია, ვიდრე ეს ლიმიტით არის დასაშვები, 35%-იანი გადამეტებაა გლდანის ციხეში, 25%-ზე მეტი გადამეტებაა ქუთაისის N 2 ციხეში. ციხის თანამსრომლებთან მიმართულებით გვაქვს გამოწვევა და ეს ამ ანგარიშმაც დაადასტურა. საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაშია, სადაც ყველაზე ცოტაა შეფარდება პატიმარს და ციხის თანამშრომლების რაოდენობას შორის, - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე.
პატიმრების რაოდენობის პარალელურად, კრიტიკა ისმის მართლმსაჯულების სისტემის მიმართაც. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საუბრობენ შერჩევითი სამართლის ნიშნებზე და აცხადებენ, რომ სხვადასხვა საქმეებში სასამართლოს მიდგომა არათანაბარია.
შერჩევითი სამართლის მიდგომებს უფრო ვხედავთ, როდესაც გირაო ხელისუფლებასთან დაახლოებულ მაღალჩინოსნებს შეეფარდა, ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ციხეში უკრეს თავი. ეს ვრცელდება ასევე ამ უსამართლო სასამართლოს ზოგიერთ უცნაურ გადაწყვეტილებაზე, როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი ლმობიერი სასჯელით დასჯილა და პოლიტპატიმარი დასჯილა ტროტუარზე დგომის გამო ან თუნდაც მზია ამაღლობელის საქმეც შეგვიძლია, გავიხსენოთ, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხვდებიან ადამიანები ციხეში, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.