სასამართლოში მოწმედ მისული მანდატური ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა უკბინა

19.05.26 15:07
სასამართლოში მოწმედ მისული მანდატური ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა უკბინა

 

 

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მიყვანილი მოწმე ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსმა უკბინა - ეს განცხადება სხდომათა დარბაზში მანდატურმა გიორგი რიჟამაძემ გააკეთა, რომელსაც პროკურტურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

რიჟამაძე დღეს სასამართლო დარბაზში ირწმუნებოდა, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც ელისაშვილისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა.

ეს იარა დღემდე მაქვს - თქვა მოწმემ სასამართლოზე. 

რიჟამაძე იმ სამი მანდატურიდან ერთ-ერთია, ვინც ალეკო ელისაშვილი სავარაუდო ფაქტის განხორციელების დროს, სასამართლოს კანცელარიის შენობაში დააკავა.

2025 წლის 28 ნოემბერს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, 24-საათიან განაწესში მორიგედ ვიყავი. სამნი ვიყავით - მე, დავით ხარებაშვილი და რევაზ ბუღათრიშვილი. ხარებაშვილმა მითხრა, რომ ვიღაც პირმა კანცელარიის შუშა ჩაამტვრია და იქ შევიდა. მე და რევაზ ბუღათრიშვილი იმ ადგილას მივედით, რაზეც დავითმა მიგვითითა. ჩამტვრეული იყო შუშა, შუქი ჩამქრალი იყო. მალევე გავიგე რევაზის ხმა, აქ არის შენობაშიო. ამავდროულად ყვირილის და გინების ხმა მესმის - ხელს ნუ მიშლიო, მესმის ასეთი სიტყვები. ვიღაც უცხო პიროვნება იყო, სახეზე ჰქონდა ნიღაბი, ხელზე ხელთათმანი, რევაზი წაქცეული ჰყავდა და ურტყამდა, რევაზი ყვიროდა, ბენზინი აქვს და ცეცხლის წაკიდებას აპირებსო, ბენზინის მძაფრი სუნიც ვიგრძენი, დავინახე სანთებელა და ბოთლი. მივედი და დაკავება დავიწყე, ის წინააღმდეგობას მიწევდა. დავით ხარებაშვილი შემოვიდა, მანაც სცადა დახმარება, შემდეგ ხელბორკილის მოსატანად გავიდა.

პიროვნებამ პირის მეშვეობით გაიძრო ხელთათმანი, ხელის წაღება მოახერხა მუცლის არეში, იარაღის კაბურა ჰქონდა მიმაგრებული, იარაღი ამოიღო, ვცდილობდი იარაღის წართმევას, ამავდროულად გვემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ დაგვხოცავდა მე და რევაზის, ამის რეალური შიში გაგვიჩნდა, რადგან იარაღი ამოღებული ჰქონდა, პერიოდულად ხან ჩემკენ იშვერდა, ხან რევაზისკენ.

გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც, ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, ამ იარაღის წართმევა მოვახერხეთ, იარაღი ძირს დავაგდეთ, დავით ხარებაშვილი მალევე მოვიდა, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. წამოვაყენეთ ფეხზე, გვერდზე დივანზე გადავსვით. ველოდებოდით პოლიციის მოსვლას, ვკითხეთ, რას გვერჩოდა. გვითხრა, რომ პატრიოტი პიროვნებაა და ეს სასამართლო უსამართლოა და უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ მოსამართლეებსო და რომ შენობის დაწვას აპირებდა. მალევე მოვიდა პოლიცია, თავისი უფლებები გააცნეს, დაიწყეს ჩხრეკა.

იარაღის წართმევას რომ ვცდილობდი, მაშინ მიკბინა ხელზე, რათა თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა.

საიდანაც ჩვენ შემოვედით, შავი ფერის ჩანთა დავინახეთ და გვერდით ეგდო ბოთლი, სადაც ყვითელი სითხე ესხა. ხელი მქონდა დაზიანებული, რევაზ ბუღათრიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა რიჟამაძემ.

  • ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.

2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.