სტრასბურგმა არ დაადგინა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა აქტივისტ მილაძის საქმეზე
„მილაძე საქართველოს“ წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და თქვა, რომ სამოქალაქო აქტივისტის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 – გამოხატვის თავისუფლების მუხლი.
გადაწყვეტილება 7-მა მოსამართლემ მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი ლადო ჭანტურიაა. განმცხადებელს სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა პალატაში გასაჩივრება 3 თვის განმავლობაში შეუძლია.
ECHR წერს, რომ საქართველოს სასამართლოები დაეყრდნნენ სასამართლო პრეცედენტს იმის დასადასტურებლად, რომ სოციალური მედიის პლატფორმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, შესაბამისად, უნდა განიხილებოდეს, როგორც „სივრცე, სადაც შესაძლოა, შეილახოს საზოგადოებრივი წესრიგი“.
- ირაკლი მილაძემ 2022 წლის 6 დეკემბერს TikTok-ზე ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ თბილისში, ავტობუსის ზოლში, სადაც მანქანები არ უნდა დადიოდნენ, ბევრი მანქანა გადაადგილდებოდა, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებდა. ირაკლი მილაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე გააკრიტიკა და ის უცენზურო სიტყვებითაც მოიხსენია. ვიდეოს კი ე.წ. გაფრთხილება წაუმძღვარა: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.
-
თბილისის პოლიციამ მილაძის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს) სამართალწარმოება დაიწყო.
საბოლოოდ, საქართველოს სასამართლოებმა ირაკლი მილაძე გაამტყუნეს და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
სტრასბურგის სასამართლო წერს, რომ ქართულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ ირაკლი მილაძის მიერ გამოყენებული უცენზურო ლექსიკა იყო კონკრეტული საჯარო მოხელეების უსაფუძვლო შეურაცხყოფა და მას არანაირი წვლილი არ შეუტანია საჯარო დებატებში; შესაბამისად, მისი გამოხატვა არ ყოფილა დაცული სიტყვის თავისუფლების უფლებით.
რაც შეეხება თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ECHR-ის თანახმად, განმცხადებლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას არ დაურღვევია მისი გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით არის გათვალისწინებული.
სასამართლომ დაადგინა, რომ მილაძის მიერ „უკიდურესი“ და „ვულგარული“ ლექსიკის გამოყენება საჯარო მოხელეების უსაფუძვლო შეურაცხყოფა იყო და არ ისახავდა მიზნად საჯარო დებატებში წვლილის შეტანას.
- სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სასამართლოების შეფასება ადგილობრივი კონტექსტის შესახებ და აღნიშნა, რომ გამოყენებული კონკრეტული სლენგი საქართველოში მიჩნეულია „ძალადობრივი ენის“ ფორმად.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა ვიდეოს დაურთო გაფრთხილება შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების შესახებ, ამას არ დაუცავს არასრულწლოვნები და სხვა მაყურებლები, ვინაიდან TikTok-ის ალგორითმი „შენთვის“ (For You Feed) მომხმარებლებს ამ კონტენტს მათი ნების გარეშე სთავაზობდა.