გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის 6 მოწმე დაიკითხა

19.05.26 18:39
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის 6 მოწმე დაიკითხა

 

 

 

ბაღების დირექტორები და მეწარმეები  გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ - დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ მიყვანილი მოწმეები ბაგა-ბაღებიდან მოპარული თანხის ეპიზოდზე დაკითხეს.  

სუს-ის  ექს შეფის საქმეზე სხდომები დახურულია, შესაბამისად, უცნობია, რაზე ისაუბრეს მოწმეებმა.

პროკურორის მტკიცებით, ექვსივე მათგანი  შემხებლობაშია ლილუაშვილთან და ყველამ იცის, როგორ მუშაობდა კორუფციული სქემა.

დღეს დაიკითხნენ არამხოლოდ ბაგა-ბაღების თანამშრომლები, არამედ, უშუალო მეწარმე სუბიექტები. თითოეულმა მათგანმა გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს აღნიშნულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა კონკრეტული წვრილი თუ მსხვილი ტექნიკის შესყიდვა, ასევე სარემონტო სამუშაოების წარმოება და ამ შესყიდვების დროს რა ფასნამატს უთითებდნენ და ეს ფასნამატი როგორ მიდიოდა უკან, „ატკატის“ სახით, საბოლოოდ კი ლილუაშვილამდე. ვერ მოგახსენებთ და დაგიდასტურებთ ვერცერთ მოწმეს, რომელმაც მიაწოდა პირდაპირი ხასიათის ჩვენება. თუმცა, საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები არსებობს, - განაცხადა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.

საპირისპიროს ამბობს დაცვის  მხარე - მათი თქმით, მოწმეების მხრიდან ისმის საუბარი ან საკუთარ ან სხვა პირების ბრალთან მიმართებაში, რომლებიც გირგოლ ლილუაშვილთან კავშირში არ არიან.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდება და დაცვის მხარე სხვადასხვა პროცესზე იმყოფება, იქედან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად, რადიკალურად სხვა ინფორმაციას ვისმენ ხოლმე ამ კონრკეტულ შემთხვევაში ბრალდების მხრიდან გაჟღერებულს. იმგვარი სახის ინფორმაცია, რაც გრგიგოლ ლილუაშვილთან რაიმე ფორმით არის შემხებლობაში და ამხელს მას რაიმე სახის დანაშულის ჩადენაში, აქამდე არცერთ დაკითხულ მოწმეს არ დაუფიქსირებია. არცერთ ეპიზოდთან მიმართებით, არ არსებობს პირდაპირი ხასიათის მოწმე, რომელიც იძლევა პირდაპირი სახის ინფორმაციას ლილუაშვილის მიერ, რაიმე სახის დანაშულში მონაწილეობაზე, - ამბობს ადვოკატი.

ლილუაშვილის საქმეზე შემდეგი პროცესი 21 მაისს ჩაინიშნა, რომელიც პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ყველა პროცესს ესწრება თავად ბრალდებული.

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.