სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

20.05.26 15:45
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

 

 

პანკისის ხეობაში დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - "ისალმური სახელმწიფოს" წევრობის, იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვაში ბრალდებულ პირებს ბრალის დადგენილება ცოტახნის წინ ე.წ. მოდულის იზოლატორში გააცნეს.

ბრალის წარდგენას სავალდებულო წესით დანიშნული მხოლოდ ერთი ადვოკატი დაესწრო. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. 

პირი, რომელიც ტერორზმის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, ასევე ამტკიცებს, რომ არც სირიაშია ნამყოფი. 

სამი დაკავებულიდან მხოლოდ ერთს ედავებიან უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვას, ხოლო ორს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებს.

გაეცნო ბრალის დადგენილება. ედავებიან, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლი და ასევე 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშუალებრივი ქმედება. ეს არის ტერორიზმი და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა. იყენებს დუმილის უფლებას, ანუ არ აღიარებს. დაკავება მოხდა სახლში დიახ, პანკისის ხეობაში. არ ჰქონია შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან, არც დღეის მდგომარეობით არ არის გამოკითხული ის. ისლამურ სახელმწიფოსთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. ბრალდებული სირიაში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს. ერთ ხეობაში ცხოვრობდნენ დაკავებულები, შესაბამისად ნაცნობობა ჰქონდათ, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავს, აღნიშნულ საქმესთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია", - განაცადა ადვოკატმა. 

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით საქართველოს სამი მოქალაქე გუშინწინ ღამით დააკავეს. სპეცოპერაცია პანკისის სოფლებში - ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში. ასევე მის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას. ხოლო ბრალდებულთან კავშირში მყოფი ორი პირი საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ფეთქებად ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, საბრძოლო მასალას და ცეცხლსასროლ იარაღებს. ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულია დროშა, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 236-ე მე- 3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება 236-ე მე- 3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი სიახლეები