მოქალაქეებმა პარლამენტთან პროტესტის ნიშნად ლატექსის ხელთათმანები მიიტანეს
პარლამენტთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ლატექსის ხელთათმანები მიიტანეს. პერფორმანსი პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ციხის ბადრაგის მისამართით გაჟღერებულ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უკავშირდება. დავითაძის საქმეზე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ბადრაგის თანამშრომლებს ლატექსის ხელთათმანები უკეთიათ.
გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სამარტოო საკანში, შურისძიებისა და დამცირების მიზნით მასზე სექსუალურად იძალადეს. პატიმრის მტკიცებით, ძალადობაში 10-მდე ბადრაგის თანამშრომელი მონაწილეობდა.
ბრალდების გასაჯაროების შემდეგ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული ოთხწუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში დავითაძესა და ბადრაგის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ჩანს. უწყება პატიმრის მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებას უარყოფს.
დავითაძის განცხადებით, მის მიერ დასახელებული არცერთი ბადრაგის თანამშრომელი ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის.