იოსელიანი UNICEFის წარმომადგენელს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ძირითად გამოწვევებზე ესაუბრა

20.05.26 16:32
იოსელიანი UNICEFის წარმომადგენელს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ძირითად გამოწვევებზე ესაუბრა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი მოადგილე ირინე ჩიხლაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანის, შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. სახალხო დამცველმა ბავშვთა სიღარიბის, ძალადობისა და ბულინგის პრევენციის საკითხებზე ისაუბრა, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვების მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა ასევე განიხილეს სახალხო დამცველსა და UNICEF-ს შორის არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი ერთობლივი აქტივობები. შეხვედრას ესწრებოდა UNICEF-ის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა.

მსგავსი სიახლეები