ავტომობილი ერთი თვის წინ იქირავა - ცნობილია, ვინ არის მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა
"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საპატრიარქოს ეზოში "ტოიოტა პრიუსით" შევარდა, როსტომ მაზმიშვილია. 40 წლამდე მამაკაცი თაბუკაშვილის პოლიციაშია გადაყვანილი. როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, დაკავებული ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ინციდენტის დროს, მაზმიშვილი ნაქირავები ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელიც ერთი თვის წინ ვებ-საიტიდან იქირავა.
მანქანის მფლობელი ამ წუთებში შემთხვევის ადგილას იმყოფება და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. "ტვ პირველი" ესაუბრა ავტომობილის მფლობელის ქმარსაც, რომლის თქმითაც, დაკავებული კაცი ავტომობილის ქირას ყოველდღიურად იხდიდა.
"სახეზეც არ მყავს ნანახი. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ნაქირავები ჰყავს მანქანა. ვადები არ ვიცი, რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს იტოვებენ. არ ვიცნობ, არც ნანახი არ მყავს. ქირას როგორც ჩანს, ყოველდღიურად იხდიდა, თორემ ამდენი ხანი ხომ არ გაუჩერებდნენ მანქანას?!", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
საპატრიარქოს თანამშრომლები, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები არიან, ამბობენ, რომ კაცი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ბოთლებს ისროდა და "ყველას მისამართით ილანძღებოდა".
პირდაპირ შევარდა, შეანგრია. ჩვენ შიგნით ვიყავით ოთახებში და იმხელა ხმა იყო გამოვედით... გადმოვიდა მანქანიდან ისროდა ბოთლებს. მერე გავიგეთ, რომ მართლა ფსიქიურად დაავადებულთა დისპანსერში წოლილა. ყველას გვლანძღავდა საერთოდ. დაშავებული არავინაა. კამერის ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ", - ამბობს საპატრიარქოს თანამშრომელი.
როგორც ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, დაკავებული კაცი "არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს".
ინციდენტი საპატრიარქოსთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა