მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა
მოსამართლე მეია მელქაძემ “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.
აღნიშნულის მიზეზად მოსამართლემ წესრიგის დარღვევა და სასამართლოს მიმართ გამოხატული „აშკარა უპატივცემლობა“ დაასახელა.
სხდომაზე, სადაც მტკიცებულების დასაშვებობასა და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, მოსამართლემ ბრალდებულ პოლიტიკოსს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, თუმცა, იქვე განუმარტა, რომ მხოლოდ საქმის გარშემო ესაუბრა, რასაც ელისაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.
მერამდენე სხდომაა, სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევთ, დაწყებული არ მქონდა ლაპარაკი და მეჭრებით, ეს თქვი, ეს ილაპარაკე. რა უნდა ვთქვა, ჩემი გადასაწყვეტია. ორი 15-წლიანი ბრალდება მაქვს წარდგენილი და არ შეიძლება ლაპარაკი მაცალოთ? არ მაინტერესებს მე თქვენი პროტესტი, მაცალეთ ლაპარაკი, რამ შეგაშინათ,დ აგაფეთათ ისე, რომ 9 კლიტულში გამოკეტილ კაცს, ლაპარაკს არ მაცლით. წყეული ბოლშევიკები აძლევდნენ ადამიანს ლაპარაკის საშუალებას. მაცალეთ, სიტყვა ამოღებული არ მაქვს და ყელში მეცით ეგრევე, - თქვა ელისაშვილმა, რაზედაც მოსამართლემ გააწყვეტინა და შენიშვნა მისცა.
- მოსამართლე: შენიშვნა
- ელისაშვილი: ნუ მიკივიხართ
- მოსამართლე: გააგრძელებთ კიდევ და დატოვებთ დარბაზს
- ელისაშვილი: დავტოვებ ახლა..მაცადე, ნუ მიკივიხარ. ძაან კარგად ვიცი, სასამართლო არ არის, ეს არის ბოლშევიკური ტრიბუნალი
- მოსამართლე: თავი შეიკავე, ეს პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნა არ არის
- ელისაშვილი: მაცადე, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ თუ გეოპოლიტიკურს, ეს ჩემი გადასაწყვეტია. რადგან ეს რაღაც ნაჭერი ჩაიცვით, მართლა გგონიათ, რომ მოსამართლე ხართ, თუ როგორაა? ნაჭერი რომ მოგაცვეს და გითხრეს, რომ არავის ლაპარაკი არ უნდა აცადოთ
- მოსამართლე: თავი შეიკავე სასამართლოს შეურაცხყოფისაგან. გაძევებულია ალექსანდრე ელისაშვილი წესრიგის დარღვევის, სასამართლოსადმი გამოხატული აშკარა უპატივცემლობისთვის.
მანამდე, პროცესზე მოსამართლემ დარბაზში მყოფ ჟურნალისტებსა და სხვა დამსწრეებს, ლეპტოპების დახურვისა და მობილური ტელეფონების გამორთვისკენ მოუწოდა.
როგორც მეია მელქაძემ განაცხადა, გასული სასამართლო პროცესის აუდიოჩაწერა განხორციელდა, რაც კანონით აკრძალულია. მისი განმარტებით, ის გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ვინ განახორციელა ჩაწერა, ამიტომ ელექტრონული მოწყობილობები ყველას უნდა შეენახა.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
- აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.