კაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა პატიმრობაში გაუშვეს

22.05.26 17:37
კაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა პატიმრობაში გაუშვეს

როსტომ მაზმიშვილს, კაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

როგორც საქმის პროკურორი, ირაკლი ყვავაძე განმარტავდა, დანაშაული თავისი სპეციფიკით და შინაარსით განსაკუთრებული საშიშროების არის და იმის საფრთხე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს, არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ყვავაძის თქმითვე, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ვინაიდან მას შესაძლოა, გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდეს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს საუბარი სურდა, თუმცა მას მოსამართლემ განუმარტა, რომ დღეს მისი ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.

დღეს დაცვის მხარე დაკავებულის 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

როსტომ მაზმიშვილის ადვოკატის, ილია ნაცვლიშვილის განმარტებით, ბრალდება არასწორად არის წარდგენილი და ბრალდების პოზიცია, რომ დაკავებული იარაღის გამოყენებით ახორციელებდა ქმედებას, არასწორია. უფლებადამცველის თქმით, იარაღად პლასტმასის ბოთლი ვერ ჩაითვლება.

  • პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.
  • შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა. მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები