რეკორდული ჯარიმების წელი - რას ამბობს ხალხი და რას ამტკიცებენ “ოცნებაში“

22.05.26 17:46
რეკორდული ჯარიმების წელი -  რას ამბობს ხალხი და რას ამტკიცებენ “ოცნებაში“

გადახდილი ჯარიმებით შევსებული ბიუჯეტი - მხოლოდ ოთხ თვეში მოქალაქეების მიერ გადახდილი ჯარიმებიდან მილიონ ლარზე მეტი შევიდა.

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები გაორმაგდა და 4 თვეში 108 მილიონს მიაღწია
  • თბილისში, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა

ეს არის თანხები, რომელთა ნაწილიც ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო ხალხს გადაახდევინეს. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 90 პროცენტით არის მომატებული. ასევე კოლოსალურია თანხები, რომლითაც აჯარიმებენ მძღოლებსაც. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების მოცულობამ ოთხ თვეში 108 მილიონი ლარი შეადგინა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ  ხშირ შემთხვევაში მათი დაჯარიმება უსამართლოდ ხდება და ერთ-ერთი მიზეზად მძღოლები გაუმართავ ინფრასტრუქტურას ასახელებენ. მათი თქმით, არის ქუჩები, სადაც მოწესრიგებული არ არის ინფრაქსტრუქტურა, არ არის ადგილები, სადაც მოახერხებენ ავტომობილების გაჩერებას და სწორედ ეს იწვევს დაჯარიმებას.

დღევანდელ დღეს პატრული იმალება და ისე წერს, სადაც არ უნდა იდგნენ.  არის შემთხვევები, რომ ვიდეოჯარიმები წერს და ისეთ დროს მოდის ჯარიმა, როცა გადახდის დროა. ბევრია რა ეს გადასახადები, არ არის ხალხს ამდენი საშაულება, 200 ლარი რომ მოგივა პატარ ხაზის გადაკვეთაზე, ესაა საშინელება- ამბობენ მძღოლები.

მოქალაქეების თქმით, ასევე ძალიან დიდია უბილეთოდ გადაადგილების დროს გამოწერილი ჯარიმები. ისინი ასევე ხაზს უსვამენ დაჯარიმების ფორმას, რომელიც მათი თქმით, შეურაცხმყოფელია.

მე პენსიონერი ვარ, მე მაქვს ჩემი ბარათი, მაგრამ სხვებმა რა ქნას, 20 ლარი საიდან. 

მაღალია, მაგას დახვრეტა სჯობს. ავტობუსში ამოდიან და აჯარიმებენ, მოხუცებს, ბავშვებს, მისდევენ. ჩვენ გაჭირვებულ და უფულო დროს 20 ლარი ბევრია, - ამბობენ ისინი.

“ქართულ ოცნებაში“ ჯარიმების გაზრდას მოტივაციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მათი მიზანია, ისინი ავტომობილებიდან გადმოვიდნენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

ჯარიმის ოდენობა უკავშირდება იმას, რომ მართლწესრიგი იყოს შესაბამისად დაცული. მე გამიჭირდება თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ თუნდაც საქართველოს და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიყვანოთ ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. თუმცა, გეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფრო კომფორტული და ამისთვის თბილისის მერია სათანადო ნაბიჯებს დგამს, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანებს უნდა ჰქოდნეთ რაღაც მოტივაცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ის ფინანსური ჯარიმა ფაქტია, რომ ადამიანებისთვის უფრო კომფორტულად გადასახდელი გახდა, რაღაც კუთხით გაიზარდოს, რომ ეს იყოს მათი გადაწყვეტილების წინა პირობა, რომ მაქსიმალურად დაემორჩილონ იმ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც მათივე სასარგებლოდ არის, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია რა ტემპითაც ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ამ გეომეტრიული თვალსაზრისით ზრდას ბუნებრივად მოყვება რომ ფიზიკურად გადაადგილება შეუძლებელი გახდება, - თქვა წილოსანმა.

  • 2026 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 108 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (54 მლნ ლარი) ორჯერ მეტია.
  • დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 43.3 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 65 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
  • ასევე გაორმაგდა თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა.
  • ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 1.1 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ით მეტია.