სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
შმერლინგის 13 ნომერში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა ამოიღო გამოძიებამ ლევან ახობაძის სახლიდან. მისი უფლებადამცველი, რაჟდენ კურპაშვილი არ აკონკრეტებს რა ნივთებით დაინტერესდა გამოძიება და ამბობს, რომ კომენტარს ბრალდებულთან გასაუბრების შემდეგ გააკეთებს.
დააკავეს ბატონი ლევან ახობაძე, შესაბამისად ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის ის შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, მოხდა დათვალიერება ამ ნივთების და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. მე ვერ გეტყვით ესე დეტალურად რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა.
მე მივდივარ ახლა საგამოძიებო ორგანოში, შევხვდები ბრალდებულს, ბატონ ლევანს გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ თქვენთან [კომენტარს].
არაფერი არ ვიცით, ის, რაც თქვენთვის საგამოძიებო ორგანოს განცხადებით არის ცნობილი, მხოლოდ ეს ვიცით ამ ეტაპზე. მე ვიცი მხოლოდ ეს ლოკაცია, არ ვიცი, ვნახავთ, ჯერ მასალები არ გვაქვს მიღებული. ვნახავთ, სად იყო, სად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები," - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ცნობისთვის დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.
ასევე დადგენილია, რომ ქრთამი ლილუაშვილის მაოდგილეს პირდაპირ სუს-ში, სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.