ლევან ახობაძეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა - ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

22.05.26 22:31
ლევან ახობაძეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა - ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. მისმა უფლებადამცველებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (ე.წ. მოდულის) შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. 

ადვოკატებს საქმეზე გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. 

"პირველების" ინფორმაციით, ლევან ახობაძე დუმილის უფლებას იყენებს. 

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ,  მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობით და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, 2024 წლის 29 აპრილს მეწარმის საჩივარი დაკმაყოფილდა, შეეცვალა შეფარდებული სანქცია და საქონლის უსასყიდლო ჩამორთმევის სანაცვლოდ დაეკისრა ჯარიმა საზღვარზე შემოტანილი ნაღდი ფულის 10%-ის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, 2024 წლის მაისში, შუამავლების მეშვეობით, მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250 000 ლარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.

ასევე დადგენილია, რომ ქრთამი ლილუაშვილის მაოდგილეს პირდაპირ სუს-ში, სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.