ხელისუფლების კამპანია იმდენად აბსურდში გადავიდა, რომ სიკეთის გაშავება დაიწყეს - კახა წიქარიშვილი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მმართველ გუნდს “გაშავების კამპანიის“ დაწყებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ იმდენად აბსურდში გადავიდნენ, უკვე იმ სტუდენტების გაშვებაც დაიწყეს, რომლებიც გმირობის ტოლფას საქციელს ჩადიან.
ერთ-ერთი მშობელის, კახა წიქარიშვილის თქმით ეს არის “შუარიანი და ბოროტი ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სიკეთე ეზიზღებათ“.
ცდილობენ, სიკეთე და გმირობა გააშავონ და ხელი შეუშალონ ჩვენი ბავშვების გადარჩენის პროცესს, - ამბობს წიქარიშვილი.
წლების განმავლობაში, მშობლები ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას ვითხოვდით, მათ შორის მერიასაც მივმართეთ და მივიღეთ უარი, შესაბამისად, ბავშვების მდგომარეობა არის ძალიან რთული, არა იმიტომ რომ დაავადებაა რთული, არამედ სახელმწიფო არ ეხმარება მშობლებს და ოჯახებს არაფერში. საზოგადოებამ შეაგროვა ფული, რომ ეს საჭიროებები დაკმაყოფილდეს. ის წამლები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, სახელმწიფოს დღემდე არ შემოაქვს. ჩვენ აქ ვდგავართ და ვითხოვთ წამალს მათ გადასარჩენად. როცა სახელმწიფო მშობლებს ეუბნება, რომ წამალი არის ძვირი, უსარგებლო და ამ აბსურდებით კვებავს საზოგადოებას, ხალხს აქვს უფლება, მშობლებს დაუდგეს გვერდით და მათ შორის, წამლების ფულიც შეგროვდეს საზოგადოების დახმარებით. მათი კამპანია იმდენად აბსურდში გადავიდა, რომ სიკეთის გაშავება დაიწყეს, დაიწყეს სტუდენტების გაშავება, რომლებიც ჩადიან გმირობებს, ხალხის გაშავება, რომლებიც საკუთარი პენსიით და ფულით ეხმარებიან ბავშვებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის შურიანია, ბოღმიანი, გაბოროტებული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სიკეთე ეზიზღება, ცდილობენ, სიკეთე და გმირობა გააშავონ და ხელი შეუშალონ ჩვენი ბავშვების გადარჩენის პროცესს, - ამბობს კახა წიქარიშვილი.