პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმე - იურისტი განმარტავს, რატომ გადადის მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არასრული ვიდეოს დროსაც კი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი TV პირველის ეთერში განმარტავს რატომ რატომ ფიქრობს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძესთან მიმართებით სახეზე იყო არასათანადო მოპყრობა.
იურისტის თქმით, იმ ვიდეო-კადრებითაც კი, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზეა და მანვე უნდა გასცეს საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვას, რა ხდებოდა ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულება
ხიდაშელის მიმართვის ადრესატები არიან ოპოზიციურად განწყობილი ის ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რადგან ვიდეოში [ძალადობის ფაქტი] ბოლომდე არ ჩანს, შეფასებებს არ აკეთებენ.
საქმე ძალიან მარტივად არის - რატომ დგას კამერები საპატიმრებში, დერეფნებში? რატომ არის ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტით, ადამიანის უფლებების დაცვის ყველა წესის მიხედვით, პატიმრები და სასჯელაღსრულების თანამშრომლების ნებისმიერი შეხება ერთმანეთთან უნდა იყოს 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ. იმიტომ რომ არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, ეჭვი, არსებობს მაღალი საფრთხე იმისა, [სხვადასხვა მიზეზების გამო] რომ პატიმრის მიმართ იყოს მინიმუმ უდიერი მოპყრობა, ან კიდევ უფრო ბევრჯერ, წამების ტოლფასი ქმედება. ამიტომ არსებობს ეს რეგულირება/მოთხოვნა, რომ ნებისმიერი წერტილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, სადაც ხდება დგება კავშირი პატიმარსა და სახელმწიფოს წარმომადგენელს შორის უნდა იყოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
მინდა ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვთქვა, რომელიც თავს იკავებს შეფასებისგან საბაბით, რომ "ვიდეო-მასალაში ბოლომდე არ ჩანს და რთულია რამის მტკიცება", მინდა ვთქვა, რომ ვიდეოში ბოლომდე რომ არ ჩანს, ეს არის პირველ რიგში ძალიან მაღალი ალბათობის ეჭვის საფუძველი, რომ სახეზე იყო არასათანადო მოპყრობა და უფრო მეტიც - ვიდეოში, რომ ბოლომდე არ ჩანს, მტკიცებულების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის და ეს ხდის ვალდებულს, რომ დაამტკიცოს, რომ იქ არაფერი მომხდარა. პატიმარმა არაფერი უნდა ამტკიცოს, რადგან მსჯავრდებულის დასაცავად, მისი უფლებების დასაცავად დგას იქ ის ვიდეო-კამერა.
თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რომ პატიმართან კონტაქტი და ურთიერთობა ვიდეო-კამერაზე ადეკვატურად აისახოს, მაშინ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, დაამტკიცოს რომ იქ არაფერი მომხდარა. თუ ამას ვერ ამტკიცებს, მაშინ ბრალეულობა მათზეა, ეჭვი ყოველთვის პატიმრის სასარგებლოდ წყდება.
ჩვენ აბსოლუტურად არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ - პატიმარმა მოჰყვა ის საშინელება რაც მოყვა, წარმოიდგინეთ, საქართველოში ახალგაზრდა ასეთ რაღაცას რომ ჰყვება, რატომღაც ახლა ტყუილს რომ ამბობდეს და ასეთ რამეს იბრალებდეს"- თქვა ხიდაშელმა.
რუსთავის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში ბადრაგი სექსუალურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე ათამდე ბადრაგმა იძალადა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
ამის შემდეგ პატიმრის ოჯახმა საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა მოითხოვა - ასევე იმ ბადრაგის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში პატიმარმა ამხილა.
მომხდარს დიდი პროტესტი მოჰყვა, როგორც დავითაძის ოჯახის და მოქალაქეების მხრიდან, ისე პატიმრებშიც. რამდენიმე პატიმარმა დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატების მიერ ციხიდან გამოტანილი ინფომაციის თანახმად, პატიმრების პროტესტს ბადრაგების მხრიდან სადამსჯელო ოპერაცია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი.
თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.