„ოცნება“ სიღარიბის სტატისტიკით მანიპულირებს — ექსპერტები

25.05.26 17:56
„ოცნება“ სიღარიბის სტატისტიკით მანიპულირებს — ექსპერტები

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა, ეკონომისტებისა და ექსპერტების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლება მოსახლეობის კეთილდღეობის შესაფასებლად აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს იყენებს, მაშინ როდესაც ევროკავშირის ტიპის ქვეყნებში ფარდობით სიღარიბესა და გაღარიბების რისკზე აკეთებენ აქცენტს. 

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის გამოყენება მოსახლეობის რეალური მდგომარეობის სრულ სურათს ვერ აჩვენებს და „ქართული ოცნება“ ამ მონაცემებით მანიპულირებს.

საქართველო არის საშუალო შემოსავლიანების სახელმწიფო. ამ ტიპის ქვეყნებში აბსოლუტურ სიღარიბის მაჩვენებელს, რომ აქვს თუ არა ადამიანს საკვების, პურის ფული ყოველდღიურად, გამოყენება როგორც არგუმენტის, რომ საქართველოში კეთილდღეობა არის მაღალ დონეზე, არის პოპულიზმი და მეტი არაფერი. ჩვენ ვართ საშუალო შემოსავლიანობის ქვეყანა, ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროპა იყენებს ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლს. იმისთვის, რომ შეაფასო შენ რამდენად არის ღარიბი ან სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა, იყენებ ფარდობით სიღარიბეს და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებია საქართველოში ფარდობითი სიღარიბე არის დაახლოებით ერთ დონეზე და დაახლოებით მოსახლეობის 20% არის გაღარიბების რისკის ქვეშ. ამ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები ეხმარება საქართველოში "ქართულ ოცნებას", რომ შემდეგ გვაჩენოს, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი არის ჩამოსული 7%-მდე, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი კი ამბობს, რომ აბსოლუტური სიღარიბის შემცირება საამაყო ვერ იქნება, რადგან ამ კატეგორიაში მაინც ასობით ათასი ადამიანი რჩება. 

საამაყო ნამდვილად არ არის აბსოლუტური სიღარიბე. რიცხვებში რომ ავხსნათ, ეს არის ადამიანი, რომელიც დღის განმავლობაში საშუალოდ მოიხმარ 1. 7 დოლარზე ნაკლებს. აი, ეს არის აბსოლუტური სირარიბე და თუ ეს არის საამაყო, მაშინ კიდევ უფრო უარესად ყოფილა ქვეყანაში მდგომარეობა, ვიდრე ესმონაცემებში ჩანს. მეორე საკითხია, რომ ამ აბსოლუტურ სიღარებიშიც დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც ჩვენი რიცხოვნობის ქვეყნისთვის კატასტროფული მაჩვენებელია. მესამე საკითხია ის სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, რომელიც 700 ათასს აღწევს. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის შემსუბუქებული, - ამბობს პაატა ბაირახტარი.  

 

ფინანსისტის, ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით კი, საქართველო უკვე დიდი ხანია უნდა გასცდენოდა იმ სტანდარტებს, სადაც მთავარ მიღწევად შიმშილით სიკვდილის არქონა ითვლება და საზოგადოებას „ძალიან მცირედით კმაყოფილებას აჩვევენ“.

 

თუ ჩვენ ვიზეიმებთ, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში კანიბალიზმის ფაქტი არ გვქონია და ბოლო ათი წლის განმავლობაში შიმშილით არავინ მომკვდარა, შეიძლება, ვიღაცისთვის ეს საზეიმოდ გავხადოთ, ამავე დროს არსებობა, ზომბად ქცევა ადამიანების მე საზეიმოდ არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიღარიბეც ასევე მაჩვენებელია, ამავე დროს საქართველო დიდი ხანია უნდა გასცდენოდა ამ ტერმინებს, ამ საზღვრებს და ამ ჩარჩოებს და ჩვენ დიდი ხანია თავს ვიჩაგრავთ. ძალიან მცირედით კმაყოფილებას, ცდილობენ, რომ მიგვაჩვიონ, - ამბობს ნიკოლოზ შურღაია.  

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში სიღარიბის დონისა და მოქალაქეთა შემოსავლების გაზომვის კრიტერიუმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ცხოვრების დონის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.

“ოცნების“ ლიდერმა, საქასტატის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ “2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე საქართველოს 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია.“

 

მსგავსი სიახლეები