ელისო კილაძეს ამბობს, რომ სუს-ის ექს-შეფის პირადი ტყვეა - სასამართლო სხდომის დეტალები
სამ-თვიანი პატიმრობის თავზე, გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებელმა თქვა, რომ მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია. ვიდრე სასამართლო პროცესი დაიხურებოდა ელისო კილაძემ სიტყვით ისარგებლა და ხელი "ქართული ოცნების" ლიდერს დაადო. კილაძე ამტკიცებს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და მდინარაძე მას შემდეგ "გადაეკიდა", რაც მისი კრიპტოსაფულის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ჟურნალისტთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები იყვნენ ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით მიქაძე და გიორგი მიქაძე. თუმცა, რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ბრალდებულის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებამ ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს შორის სავარაუდო კავშირების დადგენა ვერ შეძლო.
პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ელისო კილაძე სასამართლო სხდომის საჯარო რეჟიმში გაგრძელებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ საზოგადოებას საქმის ყველა დეტალის მოსმენის უფლება ჰქონდა, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ჟურნალისტის პროცესი დახურა. ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოება ვერ გაიგებს, კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს კილაძის წინააღმდეგ და ვინ იყვნენ ის მოწმეები, რომლებმაც საგამოძიებო უწყებას ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს.