„იქით ზეიმობენ, აქეთ ბავშვები იხოცებიან“ - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები თავისუფლების მოედანზე არ შეუშვეს
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების თავისუფლების მეოდანზე არ შეუშვეს.
მოედანთან მისასვლელი გზების ნაწილი სამართალდამცველებმა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად, სადაც "ოცნების" ლიდერები იმყოფებოდნენ, ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. მშობლებს ადგილზე სურდათ გაეშალათ ბანერი "მიეცით წამალი ბავშვებს!", თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.
მას შემდეგ, რაც პოლიციისგან უარი მიიღეს, მშობლებმა ტერიტორიაზე შესვლა ბანერის გარეშეც სცადეს, თუმცა არც ამის საშუალება მიეცათ.
დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დღეს ბავშვების გადარჩენის ბანერი არ შეგვიძლია, შევიტანოთ სადაც არის შეკრება. ეს ბანერი არის კანონსაწინააღმდეგო და ამას ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობა, აი, ამას ეძახიან დამოუკიდებელ საქართველოს, რომ ეს ბანერი არ გაგვაშლევინეს იქ, ბავშვების გადარჩენის ბანერი! რა ჯანდაბად მინდა ეს შეკრება ბავშვი თუ მომიკვდა?!, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
ეს არის ერთი ქვეყნის ორი მხარე - იქით ზეიმობენ, აქეთ ბავშვები იხოცებიან და შუაში არიან ესენი... ზუსტადაც, აქ მხიარულობენ, ყველაფერი კარად აქვთ და ჩვენ კიდევ გაჭირვებულ ხალხს სიტყვის უფლებას არ გვაძლევენ, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.