უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ თავისუფლების მოედანზე დროშების გაშლის უფლება არ მისცა
"დროშების გამოფენა გვინდოდა, რათა ჩვენ ჯარს, ჩვენს მოკავშირეებს და უშუალოდ ომში მყოფ უკრაინას ენახა ჩვენი მხარდაჭერა. მილიციამ არ მოგვცა საშუალება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლექსო სამხარაძე წერს.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშების გაშლის საშუალება ისეთ ადგილას არ მისცა, სადაც ამას ჯარი, მედია და "ოცნების" მაღალჩინოსნები დაინახავდნენ.
ლექსო სამხარაძე წერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პარტიულ ღონისძიებად გადაიქცა.
26 მაისს ბიჭებს ამ დროშების გამოფენა გვინდოდა, რათა ჩვენ ჯარს, ჩვენს მოკავშირეებს და უშუალოდ ომში მყოფ უკრაინას ენახა ჩვენი მხარდაჭერა.
მილიციამ არ მოგვცა საშუალება თავისუფლების მოედანზე ისეთ ადგილზე შესვლის, სადაც ჯარი, მედია და რეჟიმის ჩინოვნიკები იხილავდნენ დროშებს. მხოლოდ არკებში და მიწისქვეშებში გვაჩერებდნენ. ამასთან, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას და გვეუბნებოდნენ: "ქართველები არ ხართო", “მოღალატეები ხართო”, იყვნენ აგრესიულები, რაც ხელების კვრაში და დაჭერის მუქარაში გამოიხატებოდა.
სამწუხაროა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პარტიულ ღონისძიებად გადააქციეს. მჯერა, მალე მოვიშორებთ მტრისადმი ლოიალურ რეჟიმს, აღვადგენთ სახელმწიფოს ძლიერების გამომხატველ სამხედრო აღლუმს და ერთ დღესაც სოხუმში და ცხინვალში აღვნიშნავთ ყველანი ერთად.
26 მაისს გილოცავთ.
დამოუკიდებლობას შენარჩუნება და დაცვა სჭირდება," - წერს ლექსო სამხარაძე.
ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ბანერის გაშლა სცადეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმაც, რაღა იქ შეკრებილებისთვის შეეხსენებინათ, რომ მათი შვილები კვლავ გადასარჩენები არიან. თუმცა პოლიციამ ბანერის გაშლის უფლება არც მათ მისცა.