პოლიციამ "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებს ამ დროისთვის, რუსთაველზე სცენის დადგმის უფლება არ მისცა
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, გოგა მემანიშვილის ბრძანებით, ამ დროისთვის, "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირზე სცენის შეტანის და აწყობის ნება არ დართეს.
გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ოპოზიციის ალიანსს" მეორე განცხადებაზე პასუხი არ მიუღია და რატომ გადაწყვიტეს, რომ სცენის დადგმის უფლება ჰქონდათ, ვერ ხვდება.
მისივე თქმით, დამატებით შეტანილ განცხადებასთან დაკავშრებით გაერკვევა და აქციის ორგანიზატორებს გააგებინეს შეძლებენ თუ არა ისინი ტექნიკის შეტანას და სცენის დადგმას.
რა განცხადებითაც მოგვმართეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი გაეცათ. [მეორე განცხადებაზე] პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას ვერ ვხვდები. დამატებით შეიტანეს, როგორც მითხრა, განცხადება და მაგასთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, გავერკვევით და გეტყვით.
ჩვენ ვიღებთ [გადაწყვეტილებას] ადგილზე. რომელიმე აქციის მონაწილეს, ან ორგანიზატორს გავესაუბრებით," - თქვა გოგა მემანიშვილმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი ხალხისთვის ხელის შეშლას არ აპირებენ, შესაბამისად, როდესაც რუსთაველის გამზირი დაცარიელდება, ისინი ძალიან სწრაფად დაამონტაჟებენ სცენას.
ჩვენ ველოდებით იმას, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ-ჯერობით ხალხისთვის ხელის შეშლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. როცა აქაურობა დაიცლება, სცენის მონტაჟი მოხდება ძალიან სწრაფად. უარი არ მიგვიღია და პირდაპირ მოვალთ ტექნიკით. ნამდვილად არ იქნება დაპირისპირება ხალხის ინტერესებსა და ჩვენს ინტერესებს შორის, პირიქით, "ქართული ოცნება" აკეთებს ამას მუდმივად. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ მონტაჟს ტექნიკის," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, "ოპოზიციის ალიანსს" დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა აქვს დაგეგმილი. მოქალაქეები 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.