რიყის ამფითეატრში, წალენჯიხის თეატრის დასმა სპექტაკლი „არამედ რაღაც სხვა“ წარმოადგინა
რამდენიმე საათის წინ რიყის ამფითეატრში, წალენჯიხის თეატრის შემოქმედებითმა დასმა, თბილისურ პრემიერაზე სპექტაკლი „არამედ რაღაც სხვა“ წარმოადგინა.
სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლების იდეას და ბრძოლას, დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაში.
პიესის ავტორია ბესო სოლომანაშვილი, რეჟისორი - ოთარ ეგაძე. სპექტაკლი გვაჩვენებს გრანელის ცხოვრების ნაკლებად ცნობილ მხარეებს და მის შემოქმედებით გზას საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიულ კონტექსტთან აკავშირებს.
დადგმა ეხება თავისუფლების იდეას, ბრძოლას და რწმენის შენარჩუნებას გარდამტეხ ეპოქაში - იმ გამოწვევებს რომლებიც დღესაც აქტუალურია.
- სპექტაკლი გრანელს წარმოაჩენს, როგორც არა მხოლოდ პოეტს, არამედ აქტიურ მოქალაქეს, მებრძოლ ადამიანს და ამით პარალელს ავლებს მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებთან.
გუშინ ასევე წარმოდგენილ იქნა კიდევ ერთი ქართული მეგაპროექტი - “ქართული სახლი ევროპის დედაქალაქში“ - რომელსაც ახორციელებს „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“.
მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, ბრიუსელში, უძველესი „ეიგიდიუმის“ შენობაში „ქართული სახლი“ დაფუძნდა. როგორც "ხაზარაძეების ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქართული სახლი“ იქნება ხიდი ერთიანი საქარველოსი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქთან. რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას ბრიუსელში, ის დიდი ქართველი მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის მოღვაწეობასა და საქართველოსთვის ისტორიულ ბრძოლაზეა.
ფონდის ცნობით, მამუკა ხაზარაძის ეს ორი პროექტი წალენჯიხის მულტიფინქციური სივრცე თეატრით და „ეგიდიუმი“ ერთი იდეით შეიქმნა - ეს არის ეროვნული საქმე, რომელიც სცდება გეოგრაფიას, არღვევს საოკუპაციო ხაზს და აერთიანებს საქართველოს.
"ეს არის კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსა და ევროპულ, ძლიერ საქართველოს შორის, რომელიც ბრიუსელში იქცევა რეალობად" - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ეგიდიუმი“ იქნება სივრცე, სადაც მავთულხლართები ვეღარ გაგვყოფს, ის იქნება ადგილი, სადაც ქართული საზოგადოება, მიუხედავად გახლეჩისა, კვლავ ერთიან მიზნს მოემსახურება: თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველოს.“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.