თავისუფლების იდეა სცენაზე — რიყის ამფითეატრში გრანელისადმი მიძღვნილი სპექტაკლი გაიმართა
თბილისში „საქართველოს ევროპული სახლის“ პირველი პრეზენტაცია გაიმართა. რიყის ამფითეატრში შეკრებილ მაყურებელს ბრიუსელში მდებარე ისტორიული „ეიგიდიუმის“ შენობის ახალი კონცეფცია და მომავალი ფუნქცია წარუდგინეს — სივრცე, რომელიც „ხაზარაძეების ფონდის“ ინიციატივით „ქართულ სახლად“ გადაიქცევა და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს კულტურულ და საზოგადოებრივ წარმომადგენლობად იქცევა.
პრეზენტაციის ფარგლებში მაყურებელმა იხილა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც, რომელიც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის — ბარბარე ყიფიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. სწორედ მის სახელს უკავშირდება „ეიგიდიუმის“ ისტორიული შენობა.
პროექტის ავტორების განცხადებით, ბრიუსელში დაფუძნებული „ქართული სახლი“ ევროპასა და საქართველოს შორის კულტურული და საზოგადოებრივი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპაში „ქართული სახლის“ შექმნა ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა.
„საქართველოს ევროპული სახლის“ პრეზენტაცია რიყის ამფითეატრში წალენჯიხის თეატრალური დასის საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ გაიმართა. ბესო სოლომანაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი — „არამედ რაღაც სხვა“ — რეჟისორ ოთარ ეგაძის ნამუშევარია და საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას ეძღვნება. წარმოდგენა ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებზე მოგვითხრობს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.