„რა დავაშავე, რა იყო აქ დასაცინი?“ - გიორგი გველესიანი კრიტიკას პასუხობს
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებსა და მათზე საზოგადოების რეაქციას 13-წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში, სახელწოდებით „პასუხი ცილისწამებას“, გველესიანი განმარტავს, რომ მისი კრიტიკის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია იყო და არა საზოგადოება ან თანაგუნდელები.
ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია საზოგადოების აღშფოთება და კითხულობს, რა იყო მის წინა ინტერვიუში ტყუილი ან საქილიკო.
საუბარია „ჯეოთაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც გველესიანმა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე ისაუბრა.
ამ დღეების განმავლობაში ჩემი მისამართით განხორციელდა უამრავი შეურაცხმყოფელი განცხადება, სიძულვილის ენის მთელი ბუკეტი თავისი ლანძღვა-გინებით, ქილიკით, ღლიცინით, იარლიყების მიკვრით. მაინტერესებს, რა დავუშავე მათ? იქნებ ვაგინე, იქნებ ვლანძღე სადმე? ჩემი გამოხატვიოს ფორმები არ მოეწონათ, იქნებ შინაარსში მედავება ვინმე? მე თქვენთვის არც "აკაცუკი" დამიძახია, არც "უსამშობლოს" გეძახით და მეტსაც გეტყვით, ამ ყველაფრის გამო მე არც ჩივილს ვაპირებ და არც არავის დაჯარიმება მსურს, იმიტომ, რომ მგონია, დაჯარიმებით ადამიანი არ გამოიცვლება. მართლა ვერ გავიგე, რა იყო აქ ან სასაცილო, ან დასაცინი, ან საგინებელი, ან საღლიცინო.
რაც შეეხება მედიასივრცეს, მედიასივრცეში აზრის ლიდერები ავრცელებენ, "აი, ამან ფეხბურთელები მოღალატეებად გამოაცხადა, ხალხო". მანახეთ, სად გამოვაცხადე, თუ არადა, თუ შეიძლება, ბოდიში მოიხადეთ. ამან გაუძლო წნეხს და სხვებმა ვერ გაუძლეს. მე სად ვთქვი, რომ მე გავუძელი წნეხს და სხვებმა ვერ გაუძლეს? იყვნენ ადამიანები, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, რომლებსაც ისედაც სურდათ თავისი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც ამ ყველაფრიდან აბსტრაგირება სურდა. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არაერთგზის შემჩნეული არიან. მიიჩნიეთ ისე, თითქოს მე იმპერატიულად წინააღმდეგი ვიყო ჩვენი ამ კავშირში გაწვერიანების. მე ასეთი რამ არსად მითქვამს, მე, უბრალოდ, დავსვი შეკითხვა, თუ რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას. თუ მოვისმენ მე ფაქტებზე დაყრდნობით, არგუმენტირებულად, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კარგი გველოდება, არაფერი ცუდი იქ არ იქნება, მაშინ გპირდებიტრ, რომ მე საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი, სახლში ევროკავშირის დროშას გავაკრავ და ტელეფონზე დავაყენებ ევროკავშირის ჰიმნს, - ამბობს გველესიანი.