სასკოლო ფორმებზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოცხადდა

27.05.26 14:03
სასკოლო ფორმებზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოცხადდა

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ საჯარო სკოლებისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოაცხადა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, განმეორებითი ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 658 840 ლარით განისაზღვრა.

დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის ჯამში 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის მიწოდებაა დაგეგმილი. მიწოდების პროცესი სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს — პირველ ეტაპზე 301 ათასი ერთეული 25 აგვისტომდე უნდა ჩაიბარონ, მეორე ეტაპზე 600 ათასი ერთეული 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპზე 900 ათასი ერთეულის მიწოდება 30 ნოემბრამდეა განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ „საგანმანათლებლო რესურსებმა“ აღნიშნული შესყიდვისთვის ბაზრის კვლევა პირველად 2026 წლის 3 აპრილს გამოაცხადა. კვლევის მიზანი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების სავარაუდო ღირებულების დადგენა იყო. მაშინ შესყიდვის ფასი დაახლოებით 44,9 მილიონ ლარად განისაზღვრა.

თუმცა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში იმ კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, 20 მაისს, „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა.