გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობის სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27.05.26 15:24
გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობის სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობის სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

გორის პოლიციის თანამშრომლები  ძალადობაში არიან მხილებული - კადრებში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ჩანს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები დაკავებულს ძირს აგდებენ, აგინებენ და ჯგუფურად უსწორდებიან. 

ვიდეო-მასალაში გარკვევით ჩანს, რომ თავდაპირველად მამაკაცს ერთ-ერთი პოლიციელი წიხლს ურტყამს, რის შემდეგადაც სავარაუდოდ დაკავებული ძირს ეცემა, თუმცა ძალადობა არც მაშინ წყდება. 

კადრებში ჩანს ისიც, რომ ცემის ფაქტს ერთი პოლიციელი მობილური ტელეფონით იღებს. ვიდეოში ისმის სავარაუდოდ დაკავებული კაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ დახმარებას ითხოვს.

ჯგუფური ცემის და ძალადობის სამიზნეა სავარუდო მოწმეც, რომელიც პოლიცლების შეჩერებას ცდილობს, თუმცა, კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მასაც უსწორდებიან.

ცნობილია, რომ სპეცოპერაცია გორში, კომბინატის დასახლებაში მიმდინარეობს, თუმცა უცნობია, ვინ არის დაკავებული ან რა გახდა პოლიციის მობილიზების მიზეზი.