"აუცილებელია ვინმეს სიკვდილი, რომ ასეთი პოლიციელი ქვეყანაში ისჯებოდეს?"- ლონდა თოლორაია მოძალადე პოლიციელებზე

27.05.26 15:32
"აუცილებელია ვინმეს სიკვდილი, რომ ასეთი პოლიციელი ქვეყანაში ისჯებოდეს?"- ლონდა თოლორაია მოძალადე პოლიციელებზე

"აუცილებელია ვინმეს სიკვდილი, რომ ასეთი პოლიციელი ქვეყანაში ისჯებოდეს? აუცილებლად ყველამ უნდა დავინახოთ ძალადობა, რომ ასეთი ქმედების ჩამდენი დაისაჯოს?"- ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც, დაკავებისას სამართალდამცავთა ჯგუფი 2 პირს ფიზიკურად უსწორდება.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ მოსალოდნელია, რომ მოძალადე პოლიციელები დააკავონ, თუმცა თოლორაიას თქმით, რა უნდა ქნან იმ პირებმა ვისზე ძალადობის ამსახველი კადრები არავის გადაუღია. 

შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმაურება კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ დაკავებულს ციცი იარაღი ჰქონდა. თოლორაიას თქმით, ეს ქმედება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არა ანგარიშსწორებით: 

რა თქმა უნდა ამ პოლიციელებს დააკავებენ. იმიტომ, რომ ვიღაცამ მოახერხა და გადაიღო - დღისით, მზისით, სადაც სახე ყველას უჩანს. 

ვინც ვერ მოასწრო და გადაიღო? ვისაც არავინ შეესწრო იმ მოქალაქეებს ვინ დაიცავს? ან ვისაც ძალადობისას ნიღბები ეკეთათ იმათ რატომ არ ვსჯით? 

შინაგან საქმეთა სამინისტროში თითქმის ყოველთვის  ,,გაფუჭებული”  იყო ვიდეოკამერები, როცა ეს პოლიციელთა მიერ ჩადენილი ძალდობის გამოსაძიებლად გვჭირდებოდა. მაგრამ ყოველთვის ,,მუშაობდა”, როცა მათ ჭირდებოდათ. 

ისევ მოქალაქეების ,,გადაღების” იმედად უნდა ვიყოთ? საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა. 

აუცილებელია ვინმეს სიკვდილი, რომ ასეთი პოლიციელი ქვეყანაში ისჯებოდეს? აუცილებლად ყველამ უნდა დავინახოთ ძალადობა, რომ ასეთი ქმედების ჩამდენი დაისაჯოს?

უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესში უნდა იყოს სამინისტროს ასეთი პოლიციელებისგან გაწმენდა და მათი სამაგალითო დასჯა. პირველი ეს უწყება უნდა ამბობდეს, რომ მე ასეთი პოლიციელი სისტემაში არ მინდა! 

ვიდეო იხილეთ პირველ კომენტარში. არ მგონია მშვიდად ვინმემ ამის ყურება შეძლოს.
თან განა რამე განსაკუთრებული დააშავა. ,,ცივი იარაღი” ჰქონდაო (დანა ან რამე ამდაგვარი), რაც ჯარიმით, შინაპატიმრობით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება"- წერს თოლორაია. 

 გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. 

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.