გორში, პოლიციის მიერ ნაცემი კაცის ადვოკატი ითხოვს, გამოძიება წამების მუხლით დაიწყოს
გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის, 28 წლის პაპუნა ლოცუაშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო.
მისი თქმით, კადრებში, რომელიც გავრცელდა, ნათლად ჩანს, რომ ეს არის არაადამიანური ძალადობა და პირდაპირი წამება და სწორედ ჯგუფურად, წამების მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება.
მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და რა მუხლითაც გამოძიება არის დაწყებული, ეს არ შეესაბამება იმ კადრებს, რაც ჩვენ, საზოგადოებამ ვიხილეთ, ეს არის არაადამიანური ძალადობა, ეს არის პირდაპირ წამება და წამების მუხლით უნდა დაიწყოს აღნიშნული გამოძიება, ასევე ჯგუფურად.
ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, მინიმუმ 10-მდე ადამიანი უსწორდება მოქალაქეს, რომელიც არის პატიოსანი მოქალაქე, მუშაობს, ბანკის თანამშრომელია, შესვენებაზე იყო გამოსული და ეს მოძალადე, არაადამიანი პოლიციელები, პირდაპირ ვიტყვი და არ მოვერიდები ამ სიტყვებს, რადგან გამოვიდნენ და ძალადობდნენ ადამიანზე.
ძალიან გაუმართლა ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, რომ ამის გადაღება მოხდა, ათობით ადამიანი ზის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებზეც პოლიციელებმა იძალადეს და შემდეგ პროპაგანდის სახით რაღაცებს აბრალებენ ხოლმე," - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა.