ძალადობაში მხილებული პოლიციელები არ დაუკავებიათ - გორში აქცია დაანონსდა
დღეს, 28 მაისს, გორის პოლიციის შენობის წინ, აქცია გაიმართება - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
გორში მომხდარი ძალადობა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.. აქ უკვე გამართლება-არგამართლებაზე აღარ არის საუბარი — ხალხი დაშინებულია. როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად?"
,,მოვითხოვთ სამართლიან გამოძიებას და ყველა მონაწილე პირის პასუხისმგებლობას. მოდით და დავუდგეთ გვერდში დაზარალებულებს. გააზიარეთ მაქსიმალურად.
განსაკუთრებით გორელებო, ახლა მაინც გაახილეთ,თვალები და გამოფხიზლდით!!!! თქვენ ქალაქში ხდება ეს ყველაფერი" - აღნიშნულია მიმართვაში.
გორში, პოლიციელები 2 მოქალაქეს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ. ერთ-ერთ დაშავებულს, პაპუნა ლოცულაშვილს სამედიცინო დახმარება თბილისში გაუწიეს.
30 წლამდე კაცმა, რომელზეც სამართალდამცავებმა ფიზიკურად ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა "ვივა-მედი" რამდენიმე საათის წინ დატოვა.
რაც შეეხება ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს, ისინი ამ დრომდე თანამდებიბაზე რჩებიან. პროკურატურამ კადრების გავრცელების შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ნაცემი ახალგაზრდა კაცის ადვოკატის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით. ამჟამად კაცი სახლში იმყოფება, თუმცა მას სავარაუდოდ ბრალდების სტატუსი აქვს.