პოლიციელების მიერ ძალადობა გორში - მესამე სექტორი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, "ოცნება" პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს
სასტიკი ანგარიშსწორება გორში პოლიციელების მხრიდან - მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამძიებაზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარე, თამარ ონიანი აცხადებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიება საზოგადოებას არასწორ გზავნილს უტოვებს.
მისი თქმით, საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
კვალიფიკაცია არის ცალსახად არასწორი და ის საზოგადოებას რეალურად უგზავნის არასწორ გზავნილს, რომ თითქოს ნებისმიერი საპოლიციო მოქმედების დროს ძალის გამოყენება შეიძლება იყოს ავტომატურად თანმდევი ამ მოქმედების და თუ ვინმე გადაამეტებს ძალას და ჩაიდენს არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალის გადამეტება. ეს არასწორია.
წამებას უნდა ერქვას თავისი სახელი, წამება, არაადამიანურ მოპყრობას უნდა ერქვას თავისი სახელი, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელ მოპყრობას ასევე უნდა ერქვას თავისი სახელი.
ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში ამ ტიპის კვალიფიკაცია ცალკე გვყავს გამოყოფილი, მათზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არის ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები თავისი შინაარსით, ვიდრე უფლებამოსილების გადამეტება.
ამიტომაც, პროკურატურამ ამ საქმეზე უნდა შეცვალოს გამოძიების კვალიფიკაცია, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე და უმთავრესი ამბავი აქ არის ის, რომ დავსვათ კითხვა, რეალურად შსს-მ შეუჩერა თუ არა რომელიმე პოლიციელს უფლებამოსილება," - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.
რაც შეეხება მმართველ პოლიტიკურ ძალას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებენ.
ნუ ცდილობთ რომ დააკნინოთ მათი უფლებები და მათი ვალდებულებები. მთავარი არის რეაგირება და პრემიერმა გააკეთა მაგაზე გუშინ განცხადება. არა, რა თქმა უნდა, ["ოცნების" პოლიტიკას] არ წაუხალისებია და არ წაახალისებს არასდროს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ შუაშია," - ამბობს ზვიად შალამბერიძე.
"ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის მტკიცებით, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევაა და "ერთი პოლიციელის დანაშაული ვერ იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა".
რას გადაწყვეტს პროკურატურა გამოძიების ნაწილში რა დადგინდება კიდევ დამატებით, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და პროკურატურის გადაწყვეტილება. ერთი შეხედვით დანაშაული არის თუ არა, ყველა ხედავს. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე, არის გადაცდომა, თუ იქნება მანდ გადაცდომა, შესაბამისად იქნება გამოძიებული.
რა წახალისებაზე მელაპარაკებით, ერთი კონკრეტული შემთხვევა მოხდა, თუ არის გადაცდომა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებლად დაისჯებიან. ერთი პოლიციელის დანაშაული ვერ იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა," - თქვა ირაკლი ჭეიშვილმა.
შენიშვნა: კომენტარები პროკურატურის განცხადებამდე ჩაიწერა, რომლის მიხედვითაც გორში მომხდარ ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით 6 პოლიციელი დააკავეს.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.