ჯგუფური ძალადობა გორში - პოლიციელების მიერ გადაღებული კადრები საქმეში არ დევს
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა პოლიციელებმა მტკიცებულებები გაანადგურეს, თუ პროკურატურას პოლიციელების ტელეფონები არც კი ამოუღია?! - დღეს ცნობილი ხდება, რომ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტების გადაღებული კადრები დევს, თუმცა ამ კადრებით დგინდება, რომ პაპუნა ლოცულაშვილზე ჯგუფურად თავდასხმას პოლიციელები თავად იღებდნენ - სად გაქრა პოლიციელების ტელეფონები?
საპატრულო პოლიციის 2 და კრიმინალური პოლიციის 4 თანამშრომელი მოსამართლე დადეშქელინმა დღეს წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. მუხლი, რომლითაც სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ასამართლებენ მსუბუქია და არ ესადაგება იმ მძიმე ქმედებებს, რაც გორში ვიხილეთ. ეს არის იურისტები შეფასება. დააკვირდით ამ კადრში ვიდრე პოლიციელი მოქალაქეს პანჩურს ამოარტყამს, ტელეფონით იღებენ, რაში სჭირდებოდათ პანჩურის ამორტყმის ანუ მოქალაქის ღირსების შემლახავი ვიდეო სამართალდამცველებს დაუდგენელია.
მუხლით, რომლითაც გამოძიება დაიწყო, ჯგუფურობას არ ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურას ამ მძიმე მოვლენების დაკვალიფიცირება სხვა მუხლითაც შეეძლო, რაც არ გააკეთა. ჩნდება კითხვა არის თუ არა მიზანი, რომ პოლიციელები მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ ამ საქმიდან. ადვოკატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ პოლიციელები ციხეში საერთოდ არ უნდა გაეშვათ.
დაკავებულთა შორის არის 20 წლის პოლიციელიც - კრიმინალურ პოლიციაში დასაქმებული ახალგაზრდა საბა წაველიძეა. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მის მიმართ პატიმრობა გამოყენებული არ უნდა იყოს, რადგან ის ასაკით პატარაა. ამართლებს თუ არა ასაკი მის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს? - პროკურატურის ვერსიით წაველიძეც ერთ-ერთია, ვინც პაპუნა ლოცულაშვილს სასტიკად გაუსწორდა და წიხლები ურტყა.