როგორ მფარველობს სისტემა მოძალადეებს
გორელი პოლიციელების მხრიდან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ზურაბ ხვადაგიძე 4 წლის წინ გახდა. ნაცემი კაცის დედა "პირველებთან" იხსენებს, რომ მისი შვილი პოლიციის მანქანით გაიტაცეს, სცემეს, სასაფლაოზე ძალოვნებმა აფურთხეს და დასისხლიანებული, განყოფილებაში გადაიყვანეს.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ამ შემთხვევაში, არსებობს, თუმცა გორის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების სისასტიკეზე ქალაქში ბევრი წელია საუბრობენ. ძალადობაში დადანაშაულებულ არცერთ პოლიციელს პასუხი არ უგია. კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ლუკა ბეთლემიძე პროკურატურას გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებია მიუხედავად იმისა, რომ მას დაკავებული პირები პირდაპირ ადებენ ხელს და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
ამ დრომდე არ დასჯილა არცერთი გორელი პოლიციელი ლუკა თოფჩიშვილის საქმეზეც. ახალგაზრდა კაცის ადვოკატის მტკიცებით, ის 2026 წლის იანვარში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, ამბავი იციან პროკურატურაში, საქმეში დევს ჩვენები, თუმცა პოლიციელების დასჯაზე ჯერ უარს ამბობენ.
გორის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში სდებს ბრალს ვლადიმერ ტეტუნაშვილიც. ის სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წლების წინ დააკავეს, ადვოკატის მტკიცებით კი გორის კრიმინალური პოლიციის სისასტიკით გამორჩეულმა მაღალჩინოსანმა ლუკა ბეთლემიძემ და მასთან ერთად მყოფმა ძალოვნებმა დააკავეს, გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.