ქველმოქმედება საკუთარი თავისთვის - ივანიშვილის ფონდი მიწას ივანიშვილისგან ყიდულობს
27 ჰექტარი მიწა ოზურგეთში ივანიშვილების ფონდმა ისევ ივანიშვილის კომპანიისგან იყიდა. ბიძინა ივანიშვილის აკვაცენტრს "ქართუმ" მილიონ სამასი ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. რაში სჭირდებოდა ივანიშვილს მისივე ოჯახის ფონდზე მიწის გაყიდვა? - კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ ეს საეჭვო ტრანზაქციაა, რომლითაც "ოცნების" დამფუძნებელმა ფული ფონდის გავლით გაანაღდა.
მიწა, რომელიც "ქართუმ" ივანიშვილის აკვაცენტრისგან იყიდა პარკ ციცინათელას გაყოლებაზეა განთავსებული. ერთ დროს მისი აშენებული პარკიც ახლა სახელმწიფოს მისახედია და შეკვეთილში განთავსებულ ქონებაზე წელს რამდენიმე მილიონს ვხარჯავთ. ფონდის ახალი შესყიდვა მკვლევარებისთვის მხოლოდ დასტურია, რომ ქველმოქმედების ნაცვლად "ქართუ" ივანიშვილის ბიზნესის გადარჩენის ინსტრუმენტია.
წლებია ფონდი "ქართუს" ტრანზაქციები კითხვებს აჩენს, საეჭვო გარიგებები ქველმოქმედების საფარქვეშ აქამდეც ყოფილა - 2023 წლიდან მოყოლებული საქველმოქმედო ფონდი იაფი სესხების გაცემაზე გადავიდა. 2024 წლის ბოლოს ფონდ "ქართუს" ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 452 მლნ ლარის სესხები ჰქონდა გაცემული. როდიდან გახდა ქველმოქმედება სასტუმროების დაფინანსება, ან საკუთარი თავისგან მიწის ყიდვა? - ამ კითხვაზე პასუხი ივანიშვილის გუნდს არ აქვს.