ბათუმში 43 წლის კაცი მოკლეს
ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, სროლის შედეგად 43 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია კი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა 43 წლის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი მსხვერპლს ჩაუსაფრდა.
დანაშაული ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე მოხდა. სამართალდამცველები ამ დროისთვის გაქცეულ პირს ეძებენ და მომხდარის გარემოებებს ადგენენ.
ტელევიზორს ვუყურებთ, კალათბურთი გადიოდა და გავიგე ტყვიის ხმა, ერთი, 7-8 ტყვია რომ გავარდა და გამოვცვივდით და დაგხვდა ეს ამბავი. მოცეკვავეები არიან და შიშისგან ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. ვიღაცამ ისროლა, გაიქცა და მორჩა...ნახევარი საათის ამბავია, - ყვება თვითმხილველი.
მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილზე რამდენჯერმე გაისროლა.