ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი: ბრალდება აბსურდულია და მტკიცებულებებით არ დასტურდება

31.05.26 17:28
ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი: ბრალდება აბსურდულია და მტკიცებულებებით არ დასტურდება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯაშუშურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი გარემოებები არ იკვეთება. უფლებადამცველის თქმით, საქმის დეტალებზე საუბრის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან გამოძიება საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამტკიცებს, რომ ჩიხლაძეს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებასთან კავშირი არ აქვს.

“ჩვენ თავად ირაკლისთან ერთად გავეცანით საქმის მასალებს სრულად. ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის არ აქვს.

რთული მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რადგან საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი და, შესაბამისად, როგორც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ამაზე, სამწუხაროდ არ მოგვიწევს საუბარი.

ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც ჩვენ საქმის მასალები ვნახეთ და რასაც ჩვენ გავეცანით”, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩიხლაძის საქმე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის საქმესთან კავშირში არ არის და ორივე საქმე დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

„ვერ გეტყვით ამას, არც ამის უფლება არ გვაქვს, ესეც გარკვეული ინფორმაცია არის, რის გაუთქმელობაზეც ხელი მოვაწერეთ. ერთადერთი, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე სახის სპეკულაციები არ მოჰყვეს, იმავე დღეს დააკავეს კიდევ გულბაათ რცხილაძე - საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. ეს არის ორი დამოუკიდებელი, ავტონომიური საქმე და ერთმანეთთან ამ საქმეებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ერთი კვალიფიკაციით და ერთი მუხლით არის ეს გამოძიება დაწყებული. ის არის ავტონომიურად სხვა საქმე და ეს არის საერთოდ სხვა საქმე”, - განაცხადა გელხაურმა.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ჯაშუშობის ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. მისი თქმით, არსებული მტკიცებულებებით ირაკლი ჩიხლაძის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირება შეუძლებელია და პროცესის დახურული რეჟიმი საზოგადოებას საქმის დეტალებზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს. 

„არანაირი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ არის საქმეში წარმოდგენილი, რითაც შეიძლება, რომ ადამიანს ჯაშუშობა დააბრალო და შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ რაღაც ნაბიჯების გადადგმა დააბრალო - ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმიტომ რომ მსგავსი ტიპის სტანდარტის მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს დასდონ ბრალი, გამოვიდნენ ასე და თქვან, რომ ის არის ჯაშუში და შემდგომ ხელი მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გაუთქმელობა გვაქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ და თავს ვერ ვიცავთ რეალურად, საზოგადოების წინაშე, თორემ სასამართლო პროცესები დახურული იქნება და ვერავინ ვერ გაიგებს რეალურად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინა ბრალდება ირაკლის წინააღმდეგ”, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი გელხაურის თქმით, ჩიხლაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.  

„თვითონ ამბობს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მსგავსი ნაბიჯი მას არ გადაუდგამს, რომელიც რაიმე სახით ქვეყნის ინტერესებს შელახავდა და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა”, - განაცხადა გელხაურმა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი მასალები ირაკლი ჩიხლაძის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველს ქმნის და არც ბრალდების შინაარსს ადასტურებს.

„ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რა მტკიცებულებაც ჩვენ გაგვაცნეს და ვნახეთ, გირაოს დაყენება კი არა, საერთოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ სასამართლომ რომელიმე აღკვეთის ღონისძიების სახე შეუფარდოს. აღარ ვსაუბრობ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახეზე. საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს ადამიანი, რადგან არანაირი შემხებლობა იმას იმ ბრალთან, ირაკლის ამ ბრალთან არა აქვს”, - განმარტა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩიხლაძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის საქმეზე წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ეხება, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები