ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაცვის მხარე რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით 30 000-ლარიანი გირაოც შესთავაზა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
- გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.