პროკურორის თქმით, ჯაშუშობაში ბრალდებულების მხრიდან არსებობს, თანხის აღების ფაქტი
ორივე შემთხვევაში არსებობს თანხის აღების ფაქტები, ანუ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი, - ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების ირაკლი ჩიხლაძისა და გულბაათ რცხილაძის საქმეების პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულები, საქართველოში უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებების შესაბამისად აგროვებდნენ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გადასცემდნენ მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, თუმცა ელიზბარ გოზალიშვილს არ დაუსახელებია რომელი ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობდნენ დაკავებულები.
მტკიცებულებებს რაც შეეხება, საქმეში არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელთან, ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს. კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია იქნა მოპოვებული და რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შესაძლოა არა მარტო გამოძიების, ისე სახელმწიფოს ინტერესები დააზიანოს.
ორივე ბრალდებულის მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
ორივე შემთხვევაში არსებობს, თანხის აღების ფაქტი, ანუ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა, მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი. პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც ამ კავშირს ადასტურებს.
დასტურდება, როგორც თანხის აღების, ისე გადაცემის, შეგროვებისა და კავშირის ეპიზოდები, ორივეს შემთხვევაში“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.
ჯაშუშობაში ბრალდებული გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა მიიღეს.
რას ედავებიან გულბაათ რცხილაძეს
- ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავებულ რცხილაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. მას ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან, თუმცა უწყება ამ ქვეყნებს არ ასახელებს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
რას ედავებიან ირაკლი ჩიხლაძეს
- „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ირაკლი ჩიხლაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბრალი ოფიციალურად 31 მაისს წარუდგინეს. დაკავებულს ბრალად ედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. სუს-ის თანახმად, დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით მართავდა მართავდა „სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს“. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, მუხლი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.