სასახლის ღობის საქმე - სასამართლოს დეტალები
ვინ იყო მოძალადეთა ჯგუფი, რომელიც 4 ოქტომბერს მშვიდობიანი დემონსტრანტებს რიგებში იდგა? - დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული, გიორგი რურუა მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი პრეზიდენტის სასახლესთან პოლიციას უსწორდებოდა, თუმცა მათი ვინაობა გამოძიებას არ დაუდგენია.
"ვიღაცამ თუ რაღაც დააშავა გიორგი რურუა აქ რა შუაშია?" - ჰკითხა ბრალდებულმა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე.
4 ოქტომბრის მოვლენებზე როცა ვსაუბრობთ ცალსახაა რომ ვიყავით მშვიდობიანი მოქალაქეები და იყო გარკვეული ჯგუფი ვინც პოლიციასთან დაპირისპირებაში შევიდა. როგორც სამართალმცოდნე, ვხედავ რომ სახელმწიფო ცდილობს დაგვიმტკიცოს ის რაც არ გაგვიკეთებია. მაინც რას ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის მოპარვა გვინდოდა? ჩემი იმ სივრცეში ყოფნა ჩემი კონსტიტუციური უფლება იყო. ვიღაცამ თუ რაღაც დააშავა გიორგი რურუა აქ რა შუაშია? საბჭოთა სისტემიდან ხომ გამოვედით, კოლექტიური პასუხისმგებლობა რატომ ვრცელდება, რადგან მთავრობამ იძახა რომ იქ მყოფი ყველა მოქალაქე დამნაშავეა?" - განაცხადა გიორგი რურუამ.
ასევე, სასახლის ღობის საქმეზე ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმა ვარდიაშვილმა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მიმართა და მიუთითა, რომ რამაზ მამულაძის დაკავება პატაკის საფუძველზე მოხდა, რომლის ავტორიც სასამართლოში არ დაკითხულა. ასევე არ დაკითხულა გამომძიებელი და გამოკითხვის ოქმის შემდგენი.
რამაზ მამულაძის დაკავება მოხდა პატაკის საფუძველზე, რომლის ავტორიც სასამართლოში არ დაკითხულა. ასევე არ დაკითხულა გამომძიებელი, რომელმაც პატაკის ავტორ აკაკი მელიქიძესთან ერთად ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკვლიეს ვიდეოები. არ დაკითხულა არც გამოკითხვის ოქმის შემდგენი. ანუ სისხლის სამართლის საქმეზე შეიქმნა სამი ე.წ მტკიცებულება, რომლის ავტორებსაც ჩვენება არ მიუციათ. ამის შემდეგ პროკურორმა მიმართა უკვე სასამართლოს ოთხი ბრალდებულის დაკავების შუამდგომლობით. თუ მოსამართლემ დაკავების განჩინებაზე ამ სამი დოკუმენტით არ იმსჯელა და გაეცნო საქმის 5-ვე ტომს, როგორ ფიქრობთ რა დრო დასჭირდებოდა ამისთვის?! საღამოს 7 საათზე შემოვიდა საქმე სასამართლოში და 9:43-ზე უკვე ჩატარებულია ბრალდებულის პირადი ჩხრეკა. მარტო თბილისიდან ხობამდე რომ გაევლო გზა გამომძიებელს დედანის ჩამოტანაზე მინიმუმ 3 საათი დასჭირდებოდა. რამდენ ხანში გაეცნო მოსამართლე 2000-გვერდიან საქმეს, თუ უკვე წინასწარ არ იყო გადაწყვეტილი დაკავება?!" - თქვა დიმა ვარდიაშვილმა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უფლებადამცველს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და განუცხადა, რომ პროცესზე მოსამართლეების სამსჯავრო არ ჰქონდათ, სემდეგ კი შენიშნვნა მისცა.
როგორ გაეცნო მოსამართლე და რა არის ამაში განსაცვიფრებელი? მეც გავცნობივარ. რომელ ფურცელს რამდენი დრო დაუთმო მოსამართლემ ეს სხვა საკითხია, მაგრამ 2000 გვერდი არაა ის რაოდენობა რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დასანახად რაღაც ასტრალურად ჟღერდეს. როგორ გაეცნო და როგორც გაეცნო. ნუ მოხდება აქ პერსონიფიცირება კონკრეტული მოსამართლეების. მარიდაშვილი იქნება ტყეშელაშვილი თუ ვარდიაშვილი ამას მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლო გაძლევთ მითითებას დამაკნინებელ კონტექსტში არ მოიხსენიოთ მოსამართლეები. მოსამართლეების სამსჯავრო არ გვაქვს აქ, თქვენს დასკვნით სიტყვას ვისმენ. არ გეკამათებით, გაძლევთ შენიშვნას, თუ არ ემორჩილებით მივიღებ შესაბამის ზომას, ნანა შამათავას და ლელა მარიდაშვილის შეფასებებს არ მოვისმენ," - განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.