მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - 8 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედა სასამართლოს მოლოდინშია
სოფელ ხახალა-ჯვარში ადგილობრივები 8 წლის ბიჭს გლოვობენ, რომელიც დედამ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. დაკავებული, სვეტლანა ახმედოვა შვილს, სავარაუდოდ, მაკრატლით დაესხა თავს. ტრაგედია მცირეწლოვანი ბავშვის უმცროსი და-ძმის თვალწინ დატრიალდა. მოკლული ბიჭის ბაბუა მომხდარის დეტალებზე "პირველებთან" საუბრობს და აცხადებს, რომ მეორე კლასის მოსწავლეს სასიკვდილო დაზიანებები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მისი თქმით, მიყენებული ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
უმძიმესი დანაშაული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გუშინ, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა. ტრაგედიის დროს საცხოვრებელ სახლში მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვები და 42 წლის სვეტლანა ახმედოვა იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, შვილს მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ქალმა ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა. მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ქალი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამხდარიყო ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა, რა გახდა ტრაგედიის რეალური მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.