სიტყვების წინააღმდეგ ახალი სამმართველოს ამოქმედება რეპრესიების ახალ ტალღად შეფასდა
დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო აკონტროლებს ყველას სოციალურ ქსელს - გიყურებთ, რას წერთ, ვის აკრიტიკებთ, რა ფრაზებს იყენებთ საკუთარი აზრის გამოსათქმელად - თუ ძალოვან უწყებაში ჩათვლიან, რომ თქვენი კრიტიკული მოსაზრება შეურაცხმყოფელია "ოცნებისთვის", მაშინ დაისჯებით.
ვის დააკვირდებიან საჯაროდ არ ამბობენ - თუმცა, Facebook-ზე საქართველოდან 3 მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული - ვინ იქნება გარანტორი, რომ მოქალაქეების დევნა არ მოხდება კრიტიკული სტატუსების გამო, სად გავა ზღვარი სიძულვილის ენასთან ბრძოლასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ვინ ეყოლება სამიზნე აუდიტორია - ამაზე პირდაპირი პასუხი ვიცე-პრემიერს არ აქვს.
ვის ჩააბარეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი "სქროლვა-სქრინვის" სააგენტოს უწოდებს? - ხელმძღვანელი თამთა ქიმბარიშვილია - მას 10 ადამიანი ექვემდებარება - სწორედ ამ 10-კაციანმა ჯგუფმა უნდა წაიკითხოს სტატუსები სოციალურ ქსელებში, გაშიფროს და დაადგინოს, არის თუ არა ვინმეს შეურაცხყოფა - თუ დარღვევად ჩათვლის, დასქრინოს, ფოტოს სახით შეინახოს და სასამართლოში წარადგინოს.