მეზობელმა სამი შვილის დედა სანადირო თოფით მოკლა - რა მოხდა სენაკში
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში 43 წლის თეა ხარგელია სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით მოკლეს. შემზარავი შემთხვევა გვიან ღამით, ქალის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ოჯახის ინფორმაციით, გასროლის ხმა პირველმა მოკლულის მამამ გაიგონა. მისი თქმით, საძინებელ ოთახში შესვლისას შვილი სისხლის გუბეში დახვდა, ხოლო სახლიდან მიმავალ მამაკაცად საკუთარი შვილიშვილის ნათლია — მერაბ ჭითავა ამოიცნო.
მოკლულ ქალს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივებსა და ოჯახის ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, გაუგებარია, რა გახდა მიზეზი, რის გამოც ბრალდებულმა ნათლულის დედა სასიკვდილოდ გაიმეტა. ახლობლების მთავარი მოთხოვნა დამნაშავის უმკაცრესად დასჯაა.
მომხდარის მოტივზე ინფორმაცია არ აქვთ არც მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს. დაკავებულის დედის განცხადებით, შემთხვევის შემდეგ პოლიციაში თავად მისმა შვილმა დარეკა.
სამართალდამცველებმა მერაბ ჭითავა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ ამავე სახლიდან ამოიღო სავარაუდო მკვლელობის იარაღიც — სანადირო თოფი. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ვრცლად ნახეთ დავით სორდიას რეპორტაჟში.