კახა წიქარიშვილი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

03.06.26 20:58
კახა წიქარიშვილი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილი განმარტავს, რაზე ისაუბრეს მშობლებმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე. 

კახა წიქარიშვილის თქმით, გარდატეხა მოხდა, რადგან მთავრობასა და მშობლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციაა შედგა. მისივე განმარტებით, კომუნიკაციის შინაარსი იმედის მომცემი იყო.

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრით მოხდა გარკვეული გარდატეხა ჩვენს საქმეში და ეს გარდატეხა არის ის, რომ ჩენ ვითხოვდით, 2 თვეა თითქმის, პირდაპირ კომუნიკაციას და ბოლოს როგორც იქნა შედგა ეს პირდაპირი კომუნიკაცია, ეს არის პირველი გარდატეხა და მეორე გარდატეხა არის, თვითონ კომუნიკაციის შინაარსი. კომუნიკაციის შინაარსი იყო ძალიან იმედის მომცემი ჩვენთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კითხვა-პასუხი იყო რელევანტური, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული, რაც გვაძლევს იმის განცდას, რომ ჩვენ და ხელისუფლება უკვე შევიკრიბეთ ერთი საქმის გასაკეთებლად, რაღაც მიზანზე უკვე შევთანხმდით, რომ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვები გადავარჩინოთ და ერთ საქმეზე როცა იკრიბება ორი ჯგუფი, ასეთი განწყობა იყო იმ შეხვედრაზე," - განაცხადა კახა წიქარიშვილმა. 

კახა წიქარიშვილის განცხადებით ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მთავარი აქცენტი მედიკამენტებზე და მათ ეფექტურობაზე გაკეთდა. 

როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მამა ამბობს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კვლავ ჰქონდათ არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოიყენება ზოგიერთი მედიკამენტი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, თუმცა კახა წიქარიშვილის თქმით, შეხვედრაზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა პრობლემა არ არის.

პოზიცია იყო ასეთი, რომ ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფა შეიძლება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს ბიუჯეტში არსებობს შესაძლებლობა რომ გადაუდებელ სასწრაფო ხარჯები იქნას გამოყოფილი, შესაბამისად ეს ბარიერი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეფექტიანობა იყოს გარანტირებული," - თქვა მან. 

კახა წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოზიცია მკაფიოდაა შეცვლილი და უფრო მეტი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.