ირანელი აქტივისტი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში წამების საფრთხე ემუქრება, საქართველოდან გააძევეს - "უფლებები საქართველო"
ირანელი აქტივისტი, რომელსაც არსებული ინფრომაციით, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში წამების საფრთხე ემუქრება, საქართველოში აღარ იმყოფება - ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვა "უფლებები საქართველომ".
ორგანიზაციის ცნობით, ადვოკატებს ჰადი როსთამთან მიგრაციის დეპარტამენტში სურდათ შევხედრა, მაგრამ იქ განუცხადეს, რომ ეს კომუნიკაცია ვერ შედგებოდა. საქმეში სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ კი გაირკვა, რომ ის ქვეყანაში აღარ იმყოფება.
იურისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ აქტივისტმა ქვეყანა საკუთარი ნებით დატოვა. ეს განმარტება ეჭვებს აჩენს, რადგან როსთამის ახლობლები ამბობენ, რომ ის საქართველოში თავშესაფარს წლები მოითხოვდა და უარს ამბობდა ქვეყნიდან წასვლაზე.
⭕️2026 წლის 4 ივნისს, გვიან ღამით, „უფლებები საქართველოს“ ირანის მოქალაქის, ჰადი როსთამის ახლობლები დაუკავშირდნენ სამართლებრივი დახმარების მისაღებად. მათი განმარტებით, დაახლოებით 7 დღის წინ, ჰადი როსთამი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა და დროებითი განთავსების ცენტრში მოათავსა.
⭕️მისი ახლობლები აცხადებენ, რომ 5 ივნისს დაახლოებით 14:50 საათზე ჰადი როსთამმა მათთან დარეკა და აცნობა, რომ მიგრაციის დეპარტამენტი სთავაზობდა სომხეთის საზღვარზე გადაყვანას, თუმცა, თავად არ გამოხატავდა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების სურვილს. აღნიშნული მოგვიანებით ეცნობა "უფლებები საქართველოს" იურისტებს.
⭕️„უფლებები საქართველოს“ იურისტს 5 ივნისის 14:40 საათზე უკვე წარდგენილი ჰქონდა მოთხოვნა ჰადი როსთამთან შეხვედრის თაობაზე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩვენს იურისტს განუცხადეს, რომ ჰადი როსთამი განთავსების ცენტრში არ იმყოფებოდა და მასთან შეხვედრა, ამ მიზეზით, შეუძლებელი იყო.
⭕️აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც და, დღის ბოლოს, მათთან დამატებითი კომუნიკაციით გაირკვა, რომ ჰადი როსთამი უკვე გაძევებულია საქართველოდან.
⭕️გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეფასდეს, რა რისკებთან არის დაკავშირებული პირის საქართველოდან გაძევება და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება თუ არა საფრთხე სამშობლოში დაბრუნებისას.
⭕️ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში საჩივრდება სასამართლოში. ხოლო, სასამართლოში, საქმის განხილვის დასრულებამდე და გასაჩივრების უფლების ამოწურვამდე, პირის ქვეყნიდან იძულებით გაძევება დაუშვებელია.
⭕️საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება. ასეთი რისკი არსებობის შემთხვევაში, პირის გაძევება დაუშვებელია და მას ენიჭება საქართველოში კანონიერად ყოფნის დროებითი უფლება.
⭕️ჰადი როსთამთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია გადაწყვეტილება მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ და განაცხადეს, რომ ბატონმა როსთამმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
⭕️ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ჰადი როსთამი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში კანონიერად იმყოფებოდა საქართველოში და მას არ სურდა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება. ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია, თუ რა გარემოში მიიღო მან ამგვარი გადაწყვეტილება ან რამდენად გამოხატა თავისუფალი და გაცნობიერებული თანხმობა სომხეთის ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
⭕️„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა გამოითხოვეს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ინფორმაცია და აგრძელებენ საკითხის შესწავლას, რათა შეფასდეს, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჰადი როსთამის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტები".- წერია გავცრელებულ ინფრომაციში.
ფოტო: მინდია გაბაძე.