ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა - დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

06.06.26 12:17
ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა - დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია - როგორც "ინფო რუსთავი" იუწყება, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი.

გამოცემის ცნობით, ექსკურსიის ბავშვები გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან.

თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამოდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

დაშავებული ბავშვები და “მერსედესის” მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც,  "ინფო რუსთავს" კლინიკის ბავშვთა ემერჯენსის მორიგე ექიმმა, შორენა დალაქიშვილმა განუცხადა, 5 დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 3 ზრდასრული, მათგან ორს სხვადასხვა მოტეხილობები აღენიშნება და ექიმები საოპერაციოდ ამზადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: 24News.ge