იძებნება "ოცნების" ლიდერების დიპლომები
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ ეკა ჭიჭინაძეს, რომელიც ორი წელია, დეპუტატის მანდატს ატარებს, საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ მიუტანია. ივანიშვილების ნდობით აღჭურვილმა "ქართული ოცნების" წევრმა არა თუ პარლამენტში არ მიიტანა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვებ-გვერდზეც ცარიელია გრაფა, სადაც ეკა ჭიჭინაძისთვის განათლების მიმცემი უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მითითებული. წერია მხოლოდ ის, რომ ქალბატონი ეკა პროფესიით ფილოლოგი გახლავთ.
პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდისვე თანახმად, "ოცნების" დეპუტატი სამუშაო გამოცდილების ათვლასაც 55 წლის ასაკიდან იწყებს, მანამდე არსად უმუშავია და მხოლოდ 2016 წელს გახდა ,,ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.’’
გასული წლის 10 დეკემბერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისიდან, საკანონმდებლო ორგანოში გაიგზავნა განცხადება, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ითვალისწინებს. პარლამენტის აპარატი მაშინ იტყობინებოდა, რომ პასუხს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მივიღებდით. ამ დღიდან თითქმის 6 თვე გავიდა, პასუხი კი არ ჩანს. პარლამენტის აპარატის თანამშრომელთან ეკა სანაშვილთან, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ეს პირველი კომუნიკაცია არ ყოფილა. ამ ზარის შემდეგაც 1 თვე გავიდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს, ეკა ჭიჭინაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი კვლავაც არ გამოუგზავნია.
დიპლომის ძიების 6 თვის თავზე, "ოცნების" დეპუტატმა გვითხრა მხოლოდ ის, რომ გაიხსენა 80-დან ერთ-ერთი კურსელი ნინო მაღლაფერიძე, ლექტორი რეზო მიშველაძე და უნივერსიტეტის დასრულების თარიღი - 1986 წელი. ქალი, რომელიც ეკა ჭიჭინაძემ თანაკურსელად გაგვაცნო, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის და აღმოჩნდა. ნინო მაღლაფერიძე თსუში სწავლის ფაქტს გვიდასტურებს. ეკა ჭიჭინაძის გახსენება კი უჭირს.
"შაბათის ეთერი" არკვევდა, ვინ იღებს კანონებს საქართველოში, რომელიც მილიონობით ადამიანის ბედს წყვეტს, აკონტროლობს მთავრობას, ნიშნავს მინისტრებს, სუს-ის, პროკურორს, ირჩევს პრეზიდენტს.
მალალული დიპლომები, საეჭვო უმაღლესი განათლება და უნივერიტეტები, რომლებიც საერთოდ არ იძებნება - არკვევდა მაკა ჩიხლაძე